
მიუნხენიდან ჩამოსულ პრეზიდენტ ზურაბიშვილს კვერცხები დაუშინეს
18 თებერვალს დილით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ბრუნდებოდა, „ქართული ოცნების“ „ტიტუშკებმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები დაუშინეს.
გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციის ლიდერს გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრს ელგუჯა ხოკრიშვილს ასევე დაუშინეს კვერცხები. ისინიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ე.წ. „ტიტუშკების“ თავდამსხმის სამიზნეები გახდნენ. ამ შემთხვევაში თავდასხმის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში თავად თავდამსხმელებმა გაავრცელეს.
მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, ისინი არც დღევენადელ და არც გუშინდელ ინციდენტში არ ჩარეულან.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, ზურაბიშვილსა და გახარიაზე თავდასხმები წარმოაჩინონ, როგორც გაბრაზებული მოქალაქეების რეაგირება მათ წინააღმდეგ.
იმავდროულად, ბოლო დროს ბევრი გაბრაზებული მოქალაქე უპირისპირდება „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გმობს მიერ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას და რეპრესიულ პოლიტიკას.
„ის აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი, მაინც აგრძელებს საკუთარი სამშობლოს ღალატს, დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს მაქსიმალურად დააზიანოს ქვეყანა… საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია, ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მიუწვევიათ.
ზურაბიშვილსა და გახარიაზე თავდასხმებს სოციალურ ქსელში ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა. „ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო კოშმარულ დიქტატურაში ეშვება, რომელიც სრულად თანხვედრაშია აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან. ჩვენ გვჭირდება გადაუდებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს უილსონი.
- 18/02/2025 – „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას გეგმავს
- 15/02/2025 – სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)