skip to content
ახალი ამბები

გახარიას და პარტიის წევრს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ჩამოსვლისას თავს დაესხნენ

ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მის ლიდერს, გიორგი გახარიას და პარტიის წევრს ელგუჯა ხოკრიშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებისას, 17 თებერვალს, დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. პარტიის განცხადებით, გახარიას და ხოკრიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფი დაესხა თავს, რა დროსაც პოლიცია არ ჩარეულა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, გახარიას და ხოკრიშვილს აეროპორტში, სავარაუდოდ, „ტიტუშკები“ დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს.  ვიდეოში ისმის თავდამსხმელების შეძახილები: „USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“, „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხართ?“

პარტიამ გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ინციდენტი, როგორც წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა „პარტიული ზონდერჯგუფის“ მიერ. „გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ დაპირისპირება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოსცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით, რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს – ფულს და ძალაუფლებას“.

მან ასევე გაიხსენა ცოტა ხნის წინ ბათუმის სასტუმრო შერატონში მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები გახარიას თავს დაესხნენ. მისი თქმით, პარტიამ უკვე გამოავლინა ექვსამდე დამნაშავე, თუმცა შსს-ს გამოძიებიდან რაიმე ხელშესახებ შედეგს არ ელის.

გახარიაზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე კონტროლის გამკაცრების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა. 6 თებერვალს, მმართველმა პარტიამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამკაცრებს რეგულაციებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და სამართალდამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ჯარიმებს ზრდის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ცვლილებებს „დიქტატორულ წესებს“ უწოდებენ, რომელთა მიზანიც მიმდინარე პროევროპული აქციების ჩახშობა და საზოგადოებაში შიშის დანერგვაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button