skip to content
ახალი ამბები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარის მოადგილედ  პარტია „ხალხის ძალა“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად,  კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა. პრესრელიზის თანახმად, დოკუმენტში ასახულია როგორც საკანონმდებლო აქტების და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების განხილვის რიგითობა, ასევე კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი უწყებების თემატური საკომიტეტო მოსმენების გამართვა, სამხედრო ბაზებზე საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტი „დადებითაც შეაფასეს“ და  რატიფიცირებისათვის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ვინ არის ვიქტორ ჯაფარიძე?

ვიქტორ ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ფსევდოოპოზიციური ანტიდასავლური პარტიის „ხალხის ძალის“ მთავარი ფიგურა გახდა. მან 2022 წელს ანტიდასავლური, სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიასაშუალების, POSTV-ის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

„ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას“ 2022 წელს ჩამოშორდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის დროს კვლავ შეუერთდა. ის „უცხოელი აგენტების“ შესახებ 2023 წელს ინიციარებული სადავო კანონპროექტის უკან იდგა. არჩევნების შემდეგ მისი დეპუტატები კვლავ დაშორდნენ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში „ოპოზიცია“ შექმნეს.

2024 წლის მაისში, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიიღო, ჯაფარიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქემ მას ქუჩაში „მონა“ დაუძახა. გაბრაზებული ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, ახალგაზრდას შეაგინა, იქვე მდებარე ხილბოსტნეულის დახლიდან ფორთოხალი აიღო და ახალგაზრდას ქუჩაში დაედევნა. მოგვიანებით, ვიქტორ ჯაფარიძე იმ პატარა საოჯახო მაღაზიაში მივიდა, საიდანაც ფორთოხალი აიღო, რათა, როგორც თავად თქვა, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება აენაზღაურებინა. მაღაზიის მეპატრონემ ვიტალი გუგუჩიამ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ჯაფარიძეს შეახსენა, რომ მან მათ შვილებს ევროპული მომავალი წაართვა.

სამი თვის თავზე, 2024 წლის აგვისტოში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია POSTV-ს ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე, ვიტალი გუგუჩიას ბრალდება წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ჯაფარიძის არჩევა ქვეყანაში გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდა. ცოტა ხნის წინ, 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სამი პოლიტიკური კოალიციიდან პარლამენტმა მანდატები შეუჩერა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შექმნის მიზნით, სამი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ გამოეყო და ახალი ფსევდოოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფი შექმნა სახელწოდებით „ევროპელი სოციალისტები“. „ხალხის ძალის“ მსგავსად, ეს ჯგუფიც აცხადებს, რომ ქვეყანაში „ჯანსაღ ოპოზიციას” წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button