skip to content
ახალი ამბები

„ხალხის ძალამ“ პოლიტიკური პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა

პოლიტიკურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 18 მარტს პოლიტიკური პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა. დამფუძნებელი ყრილობის დროს პარტიამ წესდება მიიღო, სტრუქტურა ჩამოაყალიბა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოზარ სუბარი პარტიის ლიდერად ერთხმად აირჩია.

პარტიის მთავარი კომიტეტი რვა წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

ყრილობის დაწყებამდე ვიქტორ ჯაფარიძე პარტიის გეგმებზე ჟურნალისტებს ესაუბრა. „იმ პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ რომ ‘ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ’, ამას არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გადავლახავთ 5%-იან ბარიერს“. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა პარტია მზად კოალიცია შექმნას „ქართულ ოცნებასთან“, ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა. აბა ნაციონალურ მოძრაობასთან ხომ არ შევქმნით კოალიციას. ღმერთმა დაგვიფაროს“.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა გასამართლდეს ის რეჟიმი, რომელიც იყო 9 წლის განმავლობაში, ბოლობოლო გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობის პარტია და ყველაფერს აეხადოს ფარდა, როგორც ომთან დაკავშირებით, ისე სხვა პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარტიის კიდევ ერთმა წევრია ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და დასძინა, რომ პარტია ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს. „5%-ის გადასალახად შექმნილი პარტია ხომ არ ვიქნებით?“   

ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ 2022 წელს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს, რომელთაც მაშინ განაცხადეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის თემით მთავრობამ თავი „სათაგურში“ შეყო და რომ „საქართველოს [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა“. ბოლო ორი წლის განმავლობაში „ხალხის ძალამ“ არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი ღიად და „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტის ინიცირებით არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვასაც შეეცადა. თუმცა, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, 2023 წლის მარტში პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button