skip to content
ახალი ამბები

„ოცნებიდან“ გასულებს მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

ქართული ოცნებიდან გასულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მიერ დაფუძნებულ მოძრაობას – „ხალხის ძალას“ მმართველი პარტიის კიდევ ხუთი წევრი და ექსპერტები უერთდებიან.

სოზარ სუბარის თქმით, ხალხის ძალის რიგებში შემდეგმა დეპუტატებმა გადაინაცვლეს – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.

მისი განმარტებით, ამით ხალხის ძალას პარლამენტში ჯამში 9 დეპუტატი ეყოლება და რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი* იქნება საკანონმდებლო ორგანოში. სუბარმა ასევე დასძინა, რომ ხალხის ძალის გარეშე, ფრაქცია ქართულ ოცნებას 75 დეპუტატი დარჩა და დამოუკიდებლად უმრავლესობა აღარ აქვს, თუმცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან.

„ხალხის ძალას“ მმართველ გუნდთან აფილირებული შემდეგი ექსპერტები პროსახელისუფლებო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ წამყვანებიც შეუერთდნენ. ესენი არიან: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

სოზარ სუბარმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ 52%-იანი წილიც შეისყიდა, რაც დეპუტატისვე თქმით, მათ საზოგადოებამდე სათქმელის „უფრო კარგად“ მიტანაში დაეხმარებათ.

სოზარ სუბარის განცხადება

მოძრაობის ახალი წევრების დასახელების შემდეგ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მოძრაობა რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს და მათი მიზანია, რომ ხალხის ძალას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან.

სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოძრაობის წყალობით, დღეს საზოგადოება ქვეყნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ უკეთ არის ინფორმმირებული, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები სრულად არ არის განეიტრალებული, „ჩვენს განსაკუთრებულ სიფხიზლეს და ყურადღებას მოითხოვს“.

„საფრთხეები იქნება მანამ, სანამ იქნება მცდელობა, რომ საქართველო ომში იქნეს ჩართული და ამაზე დიდ საქმეს, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების შანსი შევუნარჩუნოთ, ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ იმის „გაფიქრებაც კი, რომ ჩვენ საომარი მოქმედებებით ვცადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იქნება სამუდამოდ ჩატეხვა იმ ხიდის, რომლის გადებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“.

დეპუტატის თქმით, მათი მიზანი არის არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი სიმართლე, არამედ ის, რომ „საქართველომ როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილებები თვითონ, ხალხის ნებით და ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებებმა“.

მოძრაობის მიმართ ანტიდასავლური განცხადებების გამო ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა, ანტიდასავლურობა არის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება“.


მოძრაობა „ხალხის ძალა“ ქართული ოცნებიდან გასულმა პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა და საკრებულოებში ასევე ქართული ოცნებიდან გასულებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ მათი მიზანი საჯარო პოლიტიკაში არსებულ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის ბრძოლა იქნება.

ოცნებიდან გასულებმა, ქვეყნის ინტერესების დაცვისა და სიმართლის თქმის მოტივით, დასავლელი მოკავშირეებისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით არაერთი კრიტიკული წერილი გაავრცელეს. ისინი „დიდი ძალების“ მხრიდან საქართველოს ომში ჩართვისა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზეც აქტიურად საუბრობენ.

*პარლამენტის რეგლამენტის თანახმად (მუხლი 49): დეპუტატების საკმარისი რაოდენობის (7) მიუხედავად, ოცნებიდან გასულები საპარლამენტო ფრაქციას ვერ შექმნიან, რადგანაც ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ.

მუხლი 2281: პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება აქვს მინიმუმ ორ პარლამენტარს. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button