
პროკურატურამ საქართველოს წინააღმდეგ სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ 8 თებერვალს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება „საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საბოტაჟი) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით დაიწყო, რომლებიც სასჯელის სახით, შესაბამისად, 5-დან 10 წლამდე, და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ „შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.
საგამოძიებო ჯგუფში ასევე ჩაერთნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა „ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/01/2025 – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ოპოზიციას ჯაშუშობაში ადანაშაულებს და ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის ინიციატივას ემხრობა
- 06/02/2025 – „ქართული ოცნება“ აშშ-ის საელჩოს, USAID-ს, NED-ს, EED-ს, უცხოეთიდან დაფინანსებულ სსო-ებს საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს
- 24/07/2024 – სუსი: სახელწმიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის შეთქმულებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადებაზე გამოძიება მიმდინარეობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)