
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა რეპრესიული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 6 თებერვალს მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რომლითაც მკაცრდება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მხოლოდ ორ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს გამოაცხადა, ერთდროულად რვა კანონში შევიდა, მათ შორის, კანონში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში.
ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა. კერძოდ, ასეთი სამართალდარღვევა, რომელიც მანამდე 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ამიერიდან 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება პოლიციელის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით. განმეორებითი დანაშაული ისჯება ჯარიმით 3 500-6 000 ლარამდე (მანამდე ეს ოდენობა 3 500-4 500 ლარით და 7-15 დღით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრებოდა).
განმეორებითი ვანდალიზმისთვის თავისუფლების აღკვეთა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება. პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა ამიერიდან დაისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით (ადრე ისჯებოდა ჯარიმით 2 000-დან 3 000 ლარამდე ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთით).
იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს, როდესაც ხელფასების ბოლო დაანგარიშება განხორციელდა, საშუალო ხელფასი საქართველოში 1 238 ლარი იყო. შესაბამისად, ჯარიმები მომიტინგეებს მძიმე ტვირთად დააწვება.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს. იოსელიანმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტს დაჩქარებული წესით არ განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი და სანაცვლოდ, ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.
ცვლილებებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და დაგმო ეს ნაბიჯი: „ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და ცვლილებებს აინიცირებს, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)