skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა“

5 თებერვალს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღეს რეალურად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა“ და საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების დანიშვნის მიზნით „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„დღეიდან მათი [49 ოპოზიციონერი დეპუტატის] მანდატები გაუქმდა. ერთ-ერთი გზავნილი და თემა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის – არც სიტყვის გამოთქმისა და არც შეკრების უფლება“.  

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი გზავნილი, რომელიც მან ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს გადასცა, იყო ის, რომ „რეპრესიების განახლების პარალელურად საჭიროა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რუსული ყაიდის რეჟიმზე ზეწოლის განახლება. არ არსებობს იმის ისტორიული მაგალითი, რომ, როცა რეჟიმი სრულად იზოლირებულია საკუთარი მოსახლეობისა და პარტნიორებისგან, განაგრძოს თავისი მმართველობა“.

პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებზე და განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა მისცენ კვალიფიკაცია, რომ „ეს არის უკვე რუსული ყაიდის დიქტატურა“. „უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს“, – აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ბოლო კანონები და მათ რეპრესიული იარაღი უწოდა. „დღეს თუ გადავხედავთ, რა გადაწყვეტილებები არის მიღებული არჩევნების შემდგომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული ზომები და კანონები“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს“ და დასძინა, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ვიზიტები მხოლოდ „ვიღაცასთან ხელის ჩამორთმევით“ შემოიფარგლება.

„ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკა, გაჩერებული არის ყველაფერი. ინვესტიციები სრულად გაჩერებულია, აქაც ჩვენ გვაქვს ვითომც პოლიტიკა, ვითომც მემორანდუმი, ვითომც მილიარდები უნდა შემოიტანონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის კრიტიკა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტს ეხებოდა.  27 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

ზურაბიშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე სავარაუდო წმენდებზე და ხაზი გაუსვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელობას „შიდა რეპრესიების“ შესაჩერებლად.

თავდაცვის სამინისტროში განსხვავებული აზრის ჩასახშობად განხორციელებულ დათხოვნებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს პოლიტიზაცია მიუღებელია და დასძინა: „მინდა, მივმართო სამხედრო ძალებს და ვუთხრა, რომ ბოლომდე, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით, რათა მათ ჰქონდეს ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო“.

ბრიფინგზის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან ბრუნო ფუქსთან. მისი თქმით, მან მიაწოდა ინფორმაცია „მმართველი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შექმნილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების“ შესახებ. ასევე ესაუბრა მას ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button