
„ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააინიცირა, რომლებიც რიგ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის ოფიციალური პირების შეურაცხყოფასა და პოლიციელებზე თავდასხმაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარა ასევე გახდება სისხლის სამართლის დანაშაული. საჯარო მოწოდებები ძალადობისკენ, რომელიც ადრე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა, ფინანსური ჯარიმების ნაცვლად, ახლა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცვლილებები 3 თებერვალს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა და განაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობა გრძელდება და რომ მმართველ პარტიას სჭირდება შესაბამისი ბერკეტები, რათა მართოს ქვეყანა და ემსახუროს მოქალაქეებს.
მისი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები პროცესის მხოლოდ პირველი ნაწილია და პირობა დადო, რომ ის გაგრძელდება „იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით“. მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ სათანადო ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
სანქციები გაიზრდება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის სამართალდარღვევებზე, მათ შორის:
- წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში;
- სხვადასხვა ადმინისტაციული დანაშაულისთვის, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ვანდალიზმისთვის, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, სასამართლოების შესასვლელების ბლოკირებისთვის, ჯარიმა და დაკავების პერიოდი იზრდება. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება;
- თანამდებობის პირის შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა;
- ძალადობისკენ საჯარო მოწოდება ჯარიმის ნაცვლად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება;
- პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა და ძალადობის გამოყენება ახლა მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე;
- პოლიციაზე, სახელმწიფო ხელისუფლებაზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმას ახალი დამამძიმებელი გარემოებები განესაზღვრა: ამ დანაშაულების ჯგუფურად, სხვადასხვა პირობებში და სახიფათო საშუალებებით ჩადენა;
- პოლიციელების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების დანაშაულზე სასჯელი გაიზრდება.
გაზრდილი ჯარიმები ეხება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომლის ბრალდებასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრო-ევროპული აქციების მონაწილეებს უყენებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)