skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 26 იანვარს მმართველი პარტიის დელეგაციის თანხლებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს და ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას.

დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

შეხვედრა პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის „ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე – უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება“.

პრესრელიზშში ასევე ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით.

„შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრა ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს 26 იანვარს შეხვდა და „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები“ განიხილა. მთავრობის პრესრელიზის თანახმად, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებაზე.

„ხაზი გაესვა თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და აღინიშნა მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში“, – ნათქვამია პრესრელიზში. „საუბარი ასევე შეეხო უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება“.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, რომლის „განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ“. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სექტორში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრის შემდეგ კობახიძე მიესალმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესს საქართველოში ინვესტირების მიმართ. მან ტვიტერზე დაწერა: „მოუთმენლად ველი ორმხრივი ინტერესის მქონე სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“.

Emaar Properties-სთან მემორანდუმის ხელმოწერა

ვიზიტის ფარგლებში, 27 იანვარს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

„განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელთა წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია“.

ვიზიტი იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც დასავლეთის ფინანსური დახმარება და ინვესტიციები საქართველოში შეჩერებულია. არჩევნების გაყალბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ევროპელმა პარტნიორებმა და აშშ-მ „ქართული ოცნების“ მთავრობას პირდაპირი ფინანსური დახმარება შეაჩერეს. იმავდროულად, ქვეყანაში დასავლური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა.


ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი არ შედგებოდა 13 იანვარს აბუ დაბის სასტუმროში მომხდარი ჩხუბის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წამოიწყეს. „ქართული ოცნების“ სამ დეპუტატს – ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და გელა სამხარაულს ბრალად ედებოდათ საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმა. სწორედ ამ უკანასკნელმა მიმართა პოლიციას საჩივრით. გავრცელებული ინფორმაციით, ზარქუა და სანიკიძე დააკავეს და დააჯარიმეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button