
„ქართული ოცნების“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთს სტუმრობს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციის თანხლებით ყაზახეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ თავის ყაზახ კოლეგასთან ოლჟას ბეკტენოვთან რიგ საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე მოლაპარაკებები გამართა. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული მოლაპარაკებები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს.
გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ყაზახეთში არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ეხებოდა, არამედ საქართველოს „ისტორიული ფუნქციის“ აღდგენასაც. „ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან ოლჟას ბეკტენოვთან
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ და მისმა ყაზახმა კოლეგამ ოლჟას ბეკტენოვმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობაში. მათ ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის გაზრდის გეგმები. პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში
საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა „ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე“. საუბარი შეეხო ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით”.
მან ასევე განაცხადა, რომ „ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია“. კობახიძის თქმით, „ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს.
„საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით“, – განაცხადა კობახიძემ. „მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად“.
„საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა. „ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება“. მან გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი არსებობს. „ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება“, – დასძინა მან.
შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან
ირაკლი კობახიძეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ 6 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი „მრავალფეროვანი პარტნიორობის საკითხები“. მან ასევე დასძინა: „მადლობელი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, გააღრმავოს თანამშრომლობა საერთო ინტერესების მქონე ყველა სფეროში“. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთთან მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის მისაღწევად“.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. „აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიური დინამიკა, ასევე საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი“, – ნათქვამია პრესრელიზში. კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს, ასევე დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
საუბრისას, მხარეებმა რეგიონულ გამოწვევებსაც დაუთმეს ყურადღება. კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყაზახეთთან პარტნიორობის გაძლიერება „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“.
ამავე პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტმა ტოკაევმა კობახიძეს ხელახლა დანიშვნა მიულოცა და მის „ძლიერ ლიდერობას“ გაუსვა ხაზი. „საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში“, – ნათქვამი პრესრელიზში ტოკაევის სიტყვებზე დაყრდნობით.
„ასევე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, მაღალი შეფასება მივცე საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს „ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/03/2022 – საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
- 31/03/2022 – ყაზახეთი ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას განიხილავს
- 01/08/2023 – ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთს სტუმრობს
- 23/06/2023 – ყაზახეთის პრემიერმინისტრი საქართველოს სტუმრობს
- 27/07/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)