ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აგვისტოს ყაზახეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. იგი უკვე შეხვდა თავის ყაზახ კოლეგას, ალიხან სმაილოვს.

შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და ალიხან სმაილოვის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას „კარგი დისკუსია“ ჰქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც შუა დერეფანთან დაკავშირებით.

ამავე ინფორმაციით, ალიხან სმაილოვმა ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო და ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. „ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები“, – განაცხადა მან.

მხარეებმა ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი, კერძოდ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საქმეში. სმაილოვმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. პრემიერ-მინისტრები რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდისა და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესების საკითხებით დაინტერესდნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალი სრულად იქნება გათვალისწინებული.

პრემიერ-მინისტრმა სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა „უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიური განვითარება ყველა სფეროში”.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button