skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიერ 613 პატიმრის ერთდროულად შეწყალება კითხვებს აჩენს

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა. მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა „ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“. თუმცა, ყაველაშვილის ამ გადაწყვეტილებამ კითხვები აღძრა იმის თაობაზე, რომ მან ამდენი პატიმარი სათანადო განხილვის გარეშე შეიწყალა და რომ ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური ინტერესები დგას.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდებულის შეწყალება არათუ ერთჯერადად, სრული წლის განმავლობაშიც კი ბოლო წლებში არ მომხდარა. „გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა 857 პირის შეწყალების თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც წინ უძღოდა სახელისუფლებო ცვლილებები და წინა ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის სისტემური რევიზიის პოლიტიკური განაცხადი“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, თუმცა „საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებული“. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება „აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად“, აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თქმით, ყაველაშვილის გადაწყვეტილება „აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის“.

„შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მოძრაობა „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ასევე გამოხატა შეშფოთება და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა მოყვეს. მისი თქმით, არსებობს ლეგიტიმური შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ქმედებით „ქართულმა ოცნებამ“ მადლობა გადაუხადა პატიმრებსა და მათ ოჯახებს არჩევნებში შეტანილი წვლილისთვის.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი  თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ 613 პატიმრის შეწყალება ძალიან ბევრია. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ეს სადავო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

„რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო“, – წერს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ მედიაში. მისივე თქმით, შეწყალების მიზანი შესაძლოა „რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატებაა“.

„ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გამართა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და ფართო საზოგადოება, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, არ აღიარებენ პარლამენტისა და მისი არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. ყაველაშვილმა ახალ რანგში ორი გადაწყვეტილება მიიღო: ინაუგურაციის მეორე დღეს მან ხელი მოაწერა ათეულობით რეპრესიულ ცვლილებას სხვადასხვა კანონში, გუშინ კი სადავო და უპრეცედენტო შეწყალების აქტი გამოსცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button