skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 სექტემბერს ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონს და განაცხადა, რომ მართალია ამნისტია, თავისი არსით, ჰუმანური აქცია, საპარლამენტო არჩევნების წინ, ასეთი კანონის მიღება „არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა“.

„ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში. „პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს“.

კანონის ამნისტიის შესახებ პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო. კანონის თანახმად,  პატიმრებს, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ზე მეტი მუხლით განსაზღვრული დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს, ამნისტია შეეხებათ. პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის 10 დღით დაყოვნებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა მოყვა.

„ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის ინსტიტუტი. აბსოლუტურად აღარანაირი წესი მისთვის არ არის, მისი უკანა ეზო ჰგონია პრეზიდენტის ინსტიტუტი… მაშინ, როდესაც ადამიანები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ათასი ადამიანი ელოდება, რომ უკვე გუშინ და გუშინწინ უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებში და არ არიან თავიანთ ოჯახებში იმიტომ, რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი და დიდი პოლიტიკით არის დაკავებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 25 სექტემბერს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button