skip to content
ახალი ამბები

წამყვანი ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებენ

15 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში სამმა წამყვანმა ევროპარლამენტარმა – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში მარინა კალიურანდმა და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელმა  საქართველოს შესახებ სვენ მიქსერმა ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას მოუწოდეს, გადახედონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ევროკავშირის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის.

ევროპარლამენტარები გმობენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი „ღრმად იმედგაცრუებულნი“ არიან, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო უფლებადამცველი ჯგუფებისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ გამოთქმული წუხილები. ისინი საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ უცხადებენ „სრულ სოლიდარობას“ ქართველ ხალხს, რომელიც, მათი თქმით, „გაბედულად იცავს“ დემოკრატიულ ღირებულებებს და პროტესტს მიმართავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოახდინოს და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალის შემდგომი გამოყენებისგან. „ნებისმიერი ძალადობა მომიტინგეებზე ან მათი შემდგომი დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, ამიტომ, მიუღებელია“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ხაზს უსვამენ რა, რომ მეგობრული გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის „ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვი“ და „ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნაა“, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას „გადახედონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ქვეყნისთვის ჩვენს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას“. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ კომისიას დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ზეპირი შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე იქნა შემოთავაზებული თორმეტი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button