საქსტატი: 2024 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატი“ აღნიშნავს, რომ კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.
2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4%-ია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6%-ით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ნიდერლანდები 60.2 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან: მალტა – 58.3 მლნ აშშ დოლარით (29.5%) და გაერთიანებული სამეფო – 55 მლნ აშშ დოლარით (27.8%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7%-ს შეადგენს.
2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი – 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8%), ხოლო მესამეზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2%).
ასევე წაიკითხეთ:
- 09/09/2024 – საქსტატი: 2024 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
- 15/08/2024 – 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.902 მლრდ აშშ დოლარი იყო
- 10/06/2024 – 2024 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)