24-25 ნოემბრის ღამეს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა დააანონსეს, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევის წინააღმდეგ და მისი ჩაშლის მიზნით გაიმართა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. რუსთაველის გამზირზე უკვე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის მოლოდინში მოქალაქეებმა კარვები გაშალეს.
საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეები, რომელთაც პროტესტის ნიშნად მთელი ღამე პარლამენტთან გაათენეს, საკანონმდებლო შენობის წინ რჩებოდნენ. შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის სპეცრაზმი. „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატიდან პარლამენტს 88 ესწრებოდა, ერთი დეპუტატი ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ესწრებოდა. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ, რადგან მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ. ერთი საათის განმავლობაში პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნებს არ ცნობს, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი სესიის ჩატარება მაინც გადაწყვიტა. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა, რასაც იურიდიულ ექსპერტთა თქმით, ახალი პარლამენტისა და 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა უნდა შეეფერხებინა. მათივე თქმით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტს არ აქვს უფლება მათი უფლებამოსილება ცნოს.