ოპოზიციის სამოქმედო გეგმა წინააღმდეგობითა და ქუჩის პროტესტით გამარჯვების დაბრუნებას ისახავს მიზნად
4 ნოემბერს, მთავარმა ოპოზიციურმა კოალიციებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს, სადაც ათასობით ადამიანი შეკრიბეს, არჩევნების ოფიციალური შედეგები დაგმეს და უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომლის მთავარი ელემენტიც უწყვეტი ქუჩის პროტესტია.
„ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში“, – მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს. „მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ, ყველა მოედანზე“, – განაცხადა მან და აქციის მონაწილეებს მომდევნო დღეს სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, 5 ნოემბრის საპროტესტო აქციის ადგილი შეიცვალა და სპორტის სასახლის ნაცვლად სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
„მეგობრებო, ჩვენ რასაც გპირდებით ყველა, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, არცერთი ნაბიჯი უკან და ჩვენ გამარჯვებას, რომელიც მოიპოვეთ თქვენ, თქვენთან ერთად აუცილებლად დავიბრუნეთ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. „ქართულმა ოცნებამ ჩაატარა ტოტალური სპეცოპერაცია, ჰგონია მიიტაცა არჩევნები, მაგრამ ის ამას საბოლოოდ ვერ შეძლებს იმიტომ, რომ გამარჯვება იქნება თქვენი, ქართველი ხალხის. ეს არ იყო არჩევნები და ამას მთელი ცივილიზებული საზოგადოება თანხმდება“.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ, დამკვირვებლებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა არ აღიარონ ოფიციალური შედეგები.
შემდეგ მან ოპოზიციის გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალები შეთანხმდენენ, რომ მოითხოვონ ახალი არჩევნების დანიშვნა; არ აღიარონ მოპარული არჩევნები და არ ცნონ პარლამენტის ლეგიტიმურობა; დაიწყონ წინააღმდეგობის მოძრაობა ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში. „ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული“, – განაცხადა მან. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მტკიცებულებებისა და დოკუმენტების შეგროვებას საფუძვლიანი საერთაშორისო გამოძიებისთვის, რომ „ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც ხალხს არჩევანი მოჰპარა“.
„ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია ერთად შევასრულოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ“, – აღნიშნა მან.
„ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ. ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს და ფარულობა არის დარღვეული“, – დასძინა მან.
უწყვეტი პროტესტი
ოპოზიციის ლიდერების თითოეულ გამოსვლაში ნათლად გამოჩნდა, რომ გეგმის მთავარი ნაწილი ქუჩის უწყვეტი პროტესტია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ქუჩაში“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. “ის, რომ არჩევნები მოგვპარეს და გვპარავენ მომავალსაც, ეს გასაგებია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელიც არასდროს არ მისცემია, ეს ქვეყანა 5-6 წელიწადში შესაძლოა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი… რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კი არა. თქვენ გაიმარჯვეთ და თქვენთან ერთად გაიმარჯვა ამ ქვეყნის ევროპულმა მომავალმა… ეს შენობა და მთელი ძალაუფლება გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ არ გაძლევენ“. მან ასევე განაცხადა, რომ 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი და „ბეჭედი უნდა დაარტყას ივანიშვილის ციფრებს. მანამდე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ცესკომ და კალანდარიშვილმა ვერ გაბედოს ამის გაკეთება“.
„ამ მოძრაობას ჰქვია – ჩვენი სამშობლო, თავისუფლება, რომელსაც არავის არ დავუთმობთ. ჩვენ კი არ გაგვიყალბეს, ჩვენ მუხანათურად… წაგვართვეს… გაყალბების მიუხედავად ჩვენ გავიმარჯვეთ… ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მთელ საქართველოს მოედება“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. „გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, არ დანებება, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს“, – დასძინა მან და პირობა დადო და კოალიციის წევრები პარლამენტში არ შევლენ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა მიესალმა ოპოზიციის ერთობას საერთო მიზნის გარშემო და განაცხადა: „გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)