საქართველოში სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი 9-11 აგვისტოს საქართველოს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში მათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეფასებებს აშშ-ის წარმომადგენლების ვიზიტზე:
მმართველი გუნდი
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: „ჩემთვის სამწუხაროა, ხშირად იმართება შეხვედრები, მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან და კონგრესმენთან, თუმცა საუბრები საუბრებად რჩება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში, მაგალითად, რას აკეთებდა ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ ფონზე, ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული 4 წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“.
მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „Google-შიც კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, რაც ძალიან სამწუხაროა. და ისიც სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომელთაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც არ აქვთ, ოაზისად იხსენიებენ ხოლმე. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართული საზოგადოება ამაში უკვე კარგად გაერკვა“
კახა კალაძე, თბილისის მერი: “„განცხადებების დონეზე რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად. არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ – იმიტომ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის… პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას. საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ“.
ოპოზიცია
ირაკლი კუპრაძე, „ლელო საქართველოსთვის“/კოალიცია „ძლიერი საქართველოთვის“: „შაჰინის გზავნილები საქართველოს მოსახლეობისადმი პირველ რიგში არის ცალსახა, რომ შეუძლებელია და არათავსებადია ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. მან კარგად დაინახა კიდევ ერთხელ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არ აპირებენ შეცვალონ საკუთარი პრო-რუსული პოლიტიკა. მათ ვერ მოისმინეს ვერც ერთი სიცხადე ან არგუმენტირებული პასუხი წარსული შეცდომებზე და რუსულ ქმედებებზე და, მეორეს მხრივ, მომავალში ცვლილებების შესახებ ვერც დაპირებები ვერ მოისმინეს“.
ანა დოლიძე, ხალხისთვის/კოალიაცია „ძლიერი საქართველო“: „აბსოლუტურად მიუღებელია ქართული ოცნების რიტორიკა ამერიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც ეს სამხედრო სფეროს ეხება. რაც შეეხება ამ ვიზიტს ზოგადად, ვფიქრობ ყველა ხაზი, ყველა სიტყვა რომელიც ითქვა აშშ-სგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდში. კარზე მომდგარია არჩევნები, ისტორიული არჩევნები. ჯინ შაჰინის ვიზიტები ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე თავისი პერიოდულობით, ის ჩამოდის როდესაც მომენტები არის გადამწყვეტი“.
ზურაბ ჯაფარიძე, გირჩი მეტი თავისუფლება/კოალიცია ცვლილებებისთვის: „რაც ჩვენ მოვისმინეთ იყო ის, რომ ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება მანამ, სანამ რუსულ კანონს არ წაიღებენ უკან, ერთი, და სანამ არ შეწყდება ანტიდასავლური პროპაგანდა… ის, რომ თვითონ ივანიშვილი არ შეხვდა, ეგეც ნიშანდობლივია, თუმცა თვითონ სენატორებმა ამას ხაზი გაუსვეს, ეგ აჩვენებს, რომ ყველაფერს ფარდა აქვს ახდილი, ზუსტად იციან ამ ქვეყანაში ვინ მართავს პროცესებს, ვინ არის ამ ყველაფრის, ამ პრობლემების წყარო“.
თეონა აქუბარდია, დამოუკიდებელი დეპუტატი: „მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია „ქართული ოცნების“ დამსახურებით, ვიზიტი ორპარტიული კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას და მათ შორის, არჩევენები, რომელიც იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამ კუთხით ისინი მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარებიან სადამკვირვებლო მისიების გზით“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)