skip to content
ახალი ამბები

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, პრესრელიზი გავრცელდა, რომელშიც სენატორმა შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას და რომ აშშ უმოქმედოდ ვერ უყურებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას. ორივე ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.  

სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ „რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე… მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარ მომავალი“.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, აშშ-ის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ განაცხადეს, რომ „ჩვენ უმოქმედოდ ვერ ვიქნებით დემოკრატიული უკუსვლისა და აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული მცდარი განცხადებების ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებისკენ, რომელსაც ზიანი უფრო მოაქვს ერისთვის, ვიდრე სარგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.

რაც შეეხება კონგრესმენ ტერნერს, მას მიაჩნია, რომ „აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, მაგრამ დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში“.

კონგრესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია შეერთებულ შტატებში და დასძინა, რომ „აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაშიც კი აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება“.  

„აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მე მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი და ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ, ასევე მისი მოწვევისთვის, რომ ამ კრიტიკულ დროს ვიზიტს შევერთებოდი“, – განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი საქართველოში განხორციელდა „აშშ-ის ქმედებების ფონზე, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების ბოლოდრიუნდელი ქმედებების გამო საქართველოს ორმხრივი დახმარება შეუჩერა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button