სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციაზე საუბრობენ
სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა 11 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოსთვის გადაცემული ძირითადი გზავნილები, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
თავის შესავალ სიტყვაში სენატორმა ჯინ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორპარტიული, ორპალატიანი ვიზიტი მიზნად ისახავდა, რომ ქართველი ხალხისთვის ეჩვენებინათ აშშ-ის მხარდაჭერა მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის, მათი დემოკრატიული მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან აღნიშნა: „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ერთგული ვართ საქართველოს მიმართ, იმ პარტნიორობის მიმართ, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს 30 წელზე მეტია აქვთ“.
სენატორმა შაჰინმა ასევე გაუსვა ხაზი დელეგაციის წუხილებს მოახლოებული არჩევნების მიმართ და განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ეს შეშფოთება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც გამოიხატა; ასევე დაისვა საკითხი, რომ საქართველოს ხელისუფლება „არასწორ“ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს აშშ საქართველოში გადატრიალების მოწყობას გეგმავს. შაჰინის თქმით, სწორედ ეს „არასწორი“ ინფორმაცია გახდა აშშ-ის მიერ ურთიერთობების „დაპაუზების“ ერთ-ერთი მიზეზი.
თავის მხრივ, კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტი მხოლოდ საქართველოში იყო დაგეგმილი და რომ ისინი პირდაპირ საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა მკაფიოდ გამოეხატათ ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ და გამოეთქვათ სურვილი, რომ დაეხმარონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული და ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფაშო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორიტარული ერები სულ უფრო აგრესიულები ხდებიან დემოკრატიული ქვეყნების მიმართ და დასძინა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ამის მაგალითია.
„ჩვენ ორივენი შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებით. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება და ასევე შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება და დახმარება, რათა უზრუნველვყოთ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი ურთიერთობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით და მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ის გაუმჯობესდება“, – დასძინა კონგრესმენმა ტერნერმა.
შთაბეჭდილებები პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ
სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა მიუთითებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების განახლებისა და გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მათი მხრიდან არ არსებობს რაიმე შემოთავაზება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. მან განაცხადა: „მე იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ პრემიერ-მინისტრმა არ წარმოადგინა რაიმე წინადადება იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ ის და მისი ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. და ჩვენ ვისაუბრეთ რიგ წუხილებზე, რომლებიც გაგვაჩნია. ერთ-ერთია, რომელიც ადრეც აღვნიშნე, ის, რომ შეერთებულ შტატებს აქვს შეთქმულების გეგმა საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა განიხილავენ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც მათ მომავალში შეუძლიათ, რათა გააგრძელონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც ჩვენ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვაქვს და რომელიც ძლიერი ურთიერთობა იყო“.
იმ ქართველ სტუდენტებთან და მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროგრამებით სარგებლობენ, შაჰინმა განაცხადა, რომ მან იგრძნო, რომ ქართველი ხალხი „ძალიან მადლიერია“ ამ მხარდაჭერისა და შეერთებულ შტატებთან ამ ტიპის ურთიერთობისთვის. თუმცა, მსგავსი შთაბეჭდილება მან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისგან ვერ მიიღო: „…ჩემთვის გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს დაინტერესებული ამ ურთიერთობის გაგრძელებით“, – აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა კონგრესმენმა ტერნერმა, რომელმაც აღნიშნა: „[პრემიერ-მინისტრს] არ უსაუბრია იმაზე, რომ მას ეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე ან რაიმე ქმედებების გეგმასა თუ ძალისხმევაზე, რომლის განხორციელებასაც პრემიერ-მინისტრი ან მთავრობა აპირებს. ფაქტობრივად, მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ ეს იყო მხოლოდ შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა. ჩვენი შეხვედრის დროს რიტორიკა გაგრძელდა და ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არა მგონია ზუსტად ასახავდეს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას“.
კონგრესმენმა ტერნერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს „არავითარი მტკიცებულება არ ყოფილა ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობის შესახებ“ და რომ „პრემიერ-მინისტრის მხრიდან არ იყო გამოკვეთილი ან გადადგმული ნაბიჯები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყებოდა ეს პროცესი“.
„ჩვენ აქ ცალსახად იმისთვის ვართ, რომ ხაზი გავუსვათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ძლიერ ურთიერთობას, დემოკრატიის, საქართველოს, მისი ევროპული ინტეგრაციის, ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას. და რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასებული ყოფილიყო, რათა ჩამოვსულიყავით და დაგვეწყო დიალოგი“, – განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ-ის შემდგომი ნაბიჯები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად
კითხვაზე, თუ რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს შეერთებულმა შტატებმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და მოიცავს თუ არა ეს ქმედებები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ ვინაიდან ივანიშვილს ბევრი ქართველი „ქვეყანაში გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად“ მიიჩნევს, გულდასაწყვეტია, რომ მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა.
შემდეგ მან იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-მა უკვე მიიღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ის კანონი, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია და მოქალაქეების ნებას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. სენატორმა შაჰინმა დასძინა: „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კანონის მიღებას შედეგები მოყვებოდა და სწორედ ასეც მოხდა“.
კონგრესმენმა ტერნერმა ასევე აღნიშნა: „ცხადია, შეერთებული შტატების მიზანია გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძლიერ ურთიერთობას, როგორც დემოკრატიული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობას. შეერთებულმა შტატებმა ამჟამად შეაჩერა საქართველოს დაფინანსების გარკვეული ნაწილი, სანამ არ გადახედავს ხელისუფლების ვალდებულებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ხელისუფლება შესაძლოა ისეთ ქმედებებს ახორციელებდეს, რომლებიც რეალურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს მომავალში, რაც ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას წინ წავიდნენ ევროინტეგრაციის გზაზე“.
შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ აშშ-ის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე?
ამერიკელ კანონმდებლებს ჰკითხეს, იყო თუ არა მართალი „ქართული ოცნების“ ნარატივი იმის შესახებ, რომ აშშ-ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და მის ქმედებებს და რას მოუტანდა ტრამპის ან ჰარისის გამარჯვება საქართველოს. კონგრესმენმა ტერნერმა უპასუხა, რომ ორპარტიული ვიზიტის უშუალო მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ „აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ერთგულება არის როგორც ორპალატიანი, ასევე ორპარტიული“.
„საკმარისია გადახედოთ ბაიდენის ადმინისტრაციისა და ტრამპის ადმინისტრაციის წარსულ პოლიტიკას, რათა დაინახოთ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება, რომ ორივე მთავრობის პოლიტიკა ერთნაირი იყო. და ეს არის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერა“, – აღნიშნა კონგრესმენმა ტერნერმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას, „პრემიერ-მინისტრი დაუჯერებლად ჩაციკლულია იმაზე, რომ მის მთავრობას, ან თავად მას აკრიტიკებენ. და ჩვენ ვეცადეთ მისი ყურადღება იმაზე მიგვეპყრო, რომ დემოკრატიულ პროცესში, დებატების ღია დიალოგი თავისთავად მოიცავს კრიტიკას…“
სენატორმა შაჰინმა გაიმეორა კონგრესმენ ტერნერის მოსაზრება და განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერისკენაა მიმართული, იქნება ეს რესპუბლიკელი თუ დემოკრატი პრეზიდენტი. „არ ველოდები, რომ ეს შეიცვლება. არსებობს კანონმდებლობა როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც აძლიერებს და ადასტურებს აშშ-ის ხელისუფლების ზოგიერთ ქმედებას და აგრძელებს საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას“.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კომენტირებისას სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ისაა, რომ კიდევ ერთხელ გამოხატონ ერთგულება დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ და უზრუნველყონ არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასწრება, რათა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)