skip to content
ახალი ამბები

უკრაინის საგარეო უწყება „ომისა და მშვიდობის“ თემაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს აკრიტიკებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 სექტემბერს დაგმო „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო კამპანიის ბანერები, რომლებიც უკრაინაში ომით გამოწვეულ ნგრევას მმართველი პარტიის მიერ ქვეყნისთვის შემოთავაზებულ „მშვიდობას“ ადარებს.

სამინისტრომ განაცხადა, რომ „ის გმობს და მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შემზარავი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, სალოცავებისა  და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას“.

სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს „არ უნდა ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას“, და დასძინა, რომ „ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი სწორედ მშვიდობის ფასია საქართველოში“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის გამოყენებისგან საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება და რომ ქართველი ხალხი გააგრძელებს სტრატეგიულ კურსს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ“.

„ქართული ოცნების“ ახალი კამპანიის ბანერები თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა. ბანერებზე ასახულია უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული ნგრება, ერთის მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, მსგავსი ლოკაციები „მშვიდობიან“ საქართველოში. ბანერების დევიზია „არა ომს – აირჩიე მშვიდობა“, ხოლო ძირითადი ოპოზიციური კოალიციების პარტიული ნომრები გადახაზულია ბარების იმ მხარეს, სადაც ომით გამოწვეული ნგრევაა ასახული.

ფოტოების წყაროა საინფორმაციო სააგენტო Info 9

ახალ ბანერებს საქართველოში ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც დაგმო ბანერები და სოციალურ ქსელში დაწერა: „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!  … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ !“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button