
კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტი“: შუქრუთის პროტესტი რადიკალურ ძალებთან კავშირში მყოფი არასამთავრობოების მიერ ხელოვნურადაა მართული
კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტმა“ 26 სექტემბერს შუქრუთის მაცხოვრებლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შუქრუთელების პროტესტი „ხელოვნურად მართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან“. კომპანიამ აღნიშნა, რომ ის მზადაა წარმოადგინოს კომპენსაციების ჩარიცხვის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტისა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მათი სახლებისთვის ზიანის მიყენების გამო უკვე ექვსი თვეა საპროტესტო აქციებს მართავს. ზოგიერთი მათგანი ბოლო 26 დღეა შიმშილობს, ზოგმა კი პირი ამოიკერა. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ამაოდ ითხოვენ. ექვსთვიანი მოთხოვნის შემდეგ მათ 25 სექტემბერს სახალხო დამცველი შეხვდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შუქრუთის ზოგიერთი მაცხოვრებელი, რომელთა უმეტესობამ უკვე მიიღო მოთხოვნილი კომპენსაცია, კომპანიის „არაერთი შეთავაზების“ მიუხედავად, უარს ამბობს საკითხის „ცივილური ფორმებით“ მოგვარებაზე.
„ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის მიერ კომპანიის მიმართ წარმოებული ქმედებები გასცდა ურთიერთობის ცივილურ ფორმებს და სახეზეა ღია შანტაჟი, ხოლო მომიტინგეებისა და მათთვის დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ, ყოველდღიურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკვე კომპენსირებული შუქრუთელების მიმართ ემპათიას იწვევს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თქმით, „ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, ვფიქრობთ, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს“.
„უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მომიტინგეს ზურგს უმაგრებს რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციების აქტივისტები, როგორებიც არიან “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მაუწყებელი”, “მწვანე ალტერნატივა”, “მთის ამბები”, “ხმა” და სხვა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია არის პოლიტიკური აფილიაციის მქონენი და გამოირჩევა რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ქმედებების წახალისებით“, – აცხადებს კომპანია და დასძენს, რომ ამ აქციას ორგანიზებას სწორედ ის პირები უწევენ, რომლებიც ჯერ კიდევ 2021 წელს ხელმძღვანელობდნენ კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ჭიათურაში.
კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტი“ განმარტავს, თუ რა იწვევს „საფუძვლიან ეჭვს“, რომ აქციის მონაწილეების უკან არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან და მოჰყავს ისეთი შემთხვევები, როგორიცაა:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრის 25 სექტემბრის განცხადება, რომელშიც, კომპანიიც თქმით, „არასწორად არის გადმოცემული მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის წესი და სხვა დეტალები“;
- მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაასაჯაროვა კომპენსაციების ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე უარყოფენ თანხის მიღების ფაქტს და მცდელობაც არ ჰქონიათ, თავად წარმოედგინათ შესაბამისი საწინააღმდეგო დამადასტურებელი დოკუმენტაცია – პირადი საბანკო ამონაწერი;
- აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნები არ არის ობიექტური და ითხოვენ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ამ უკანასკნელისთვის მიმართვა თავად აქციის მონაწილეებს ამ დრომდე შეუძლიათ, რათა ეროვნულ ბიუროს შეამოწმებინონ მასში ასახული მონაცემების სიზუსტე;
- „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით“ არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ავრცელებენ დაზიანებული უძრავი ქონების ფოტო – ვიდეო მასალას. „ცნობისთვის, აღნიშნულ ქონებაში უკვე გადახდილია მილიონობით ლარი, ხოლო ამ საკითხის განმარტებისთვის არავის მოუმართავს, რომ რეალურად დაედგინათ გვაქვს თუ არა აღნიშნულ ქონებაში გადახდილი რაიმე კომპენსაცია. იმ ფონზე, როდესაც ეს საკუთრებები ჩვენს მიერ არ დაზიანებულა“, – აცხადებს კომპანია.
„სწორედ ეს გარემოებები ადასტურებს, რომ პროცესები ხელოვნურად მართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან“, – აცხადებს კომპანია. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რადიკალური პროცესები სცდება კომპანიასა და მოსახლეობას შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობას და ემსახურება წინასაარჩევნოდ, სოციალური თემით მანიპულირებით პოლიტიკური ქულების დაწერას“.
კომპანია აცხადებს, რომ მზად არის და იწვევს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამუშაო შეხვედრაზე. „მზად ვართ, სამუშაო შეხვედრაზე წარმოვადგინოთ დოკუმენტები, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას მივცემთ მომავალში გაავრცელონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი, ობიექტური ინფორმაცია“, – აღნიშნავს კომპანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)