skip to content
ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ

ასობით ჭიათურელმა მაღაროელმა 24 მარტს საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართა. თებერვლის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად დაახლოებით 3,500 თანამშრომელი სამსახურის დაკარგვისა და სამი თვის ხელფასის გადაუხდელობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად სამთო მრეწველობის ნაციონალიზაციას და ასანაზღაურებელი ხელფასების დაუყოვნებლივ გადახდას მოითხოვენ.

7 მარტს „ჯორჯიან მანგანეზმა“ და მისმა კონტრაქტორმა „კომპანია ჭიათურა მენეჯმენტმა“ მოპოვებითი სამუშაოების სრული შეწყვეტის შესახებ გააკეთეს განცხადება და ამის მიზეზად არამომგებიანობა და მანგანუმის გლობალური ფასების დაცემა დაასახელეს.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნები

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტარიელ მიქაცაძემ მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნები დაასახელა:

  • სამი თვის სახელფასო დავალიანების დაუყონებლივ დაფარვა და სახელმწიფოს დახმარება ჭიათურელი მუშაკების საბანკო საკითხების მოგვარებაში;
  • მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების სახელმწიფოს ხელში გადაცემა, რაც გულისხმობს უშუალოდ მუშაკთა მონაწილეობას და არა ახალ კერძო ინვესტორს;
  • ჭიათურის ყველა მაცხოვრებლის ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი დაზღვევა გარემოსდაცვითი წუხილების, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების დონის გამო, რაც დაშვებულ ნორმებს 32-ჯერ აღემატება;
  • „ჯორჯიან მანგანეზის“ მოხსნა სამუშაოებიდან არა მხოლოდ ჭიათურაში, არამედ ზესტაფონსა და ვარციხეში, ვინაიდან კომპანიამ სამივე მუნიციპალიტეტს „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენა;
  • გამოძიების დაწყება „ჯორჯიან მანგანეზის“ ბიზნეს საქმიანობაზე 2006 წლიდან;
  • ჭიათურისთვის გამოყოფილი ფონდის შექმნა, რომელიც მანგანუმის ექსპორტის შემოსავლების 5%-ს მიიღებს ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად და განათლების დასაფინანსებლად.

მაღაროელები სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ითხოვენ

შეკრებილების წინაშე გამოსვლისას ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ ახალი ინვესტორი მათ მდგომარეობას ვერ შეცვლის. მაღაროელები ითხოვენ, რომ მანგანუმის მოპოვებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს და მაღაროელებთან ერთად მართოს პროცესი.

მიქაცაძემ ხელისუფლების წარმომადგენლები უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კაბინეტებში ჯდომა გამოსავალი არ არის. მან მოუწოდა ხელისუფლებას შეხვდნენ მუშებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ახსოვს ჭიათურის არსებობა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრების შემდეგ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გაემართნენ და მათი პროტესტის მედიის მიერ გაშუქება მოითხოვეს.

უფლებადამცველი სამსახურიდან გათავისუფლებას გმობს

24 მარტს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაგმო „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილება „მასობრივი გათავისუფლების შესახებ, მშრომელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე“ და განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება  „უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს“. ორგანიზაციამ მოუწოდა კომპანიას დაუყოვნებლივ დაფაროს სახელფასო დავალიანება, შეაჩეროს მასობრივი გათავისუფლების პროცესი და ფინანსური მონაცემების გამოაქვეყნოს კომპანიაში არსებული მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად.

ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში არსებული სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად და ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივი დიალოგისა და კონსულტაციის შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მაღაროელების პროტესტს 20 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოსვლისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „რთული საკითხი“ და „გლობალური პრობლემაა“, რადგან პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად დაეცა ბაზარზე. „ასევე რთულია, კერძო ბიზნესს მოსთხოვო საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა. ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა მუდმივად ამას ვერ გააგრძელებ“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი მოგვარდება.

კრიზისი ნოემბერში დაიწყო, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავდაპირველად შეაჩერა ოპერირება. იმ დროს კომპანიამ პირობა დადო, რომ ფინანსურ საკითხებს ოთხ თვეში მოაგვარებდა და მაღაროელებს შეჩერების დროს ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ვალდებულებები არ შესრულდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button