skip to content
ახალი ამბები

ბჟანია და ანქვაბი რუსეთის კრიტიკის გამო ოპონენტებს საყვედურობენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებმა ასლან ბჟანიამ და ალექსანდრე ანქვაბმა 23 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რუსეთთან დაახლოების მოწინააღმდეგეებს მიმართეს. მათ ოპონენტები რუსეთის ოკუპანტად აღქმის გამო გააკრიტიკეს და მოუწოდეს მათ, რომ არ გაავლონ პარალელები რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის.

„ჩვენს სახელმწიფოში არიან ადამიანები, საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც სურთ გარკვეული პარალელების გავლება რუსეთის სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ბჟანიამ და ხაზგასმით აღნიშნა: „მე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია გვთავაზობს, დავეყრდნოთ ამ შესაძლებლობებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, საიდანაც ყველაფერი დანარჩენი მომდინარეობს. რუსეთი ჩვენი ძმაა, ჩვენი მეგობარია. არავინ საუბრობს [რუსეთში] მიერთებაზე. აფხაზეთი დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები [მოსკოვის მიმართ]“.

ანქვაბმა დასძინა, რომ აფხაზეთში არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი ისე მოქმედებს, როგორც კოლონიზატორი, რაც მან „მიუღებლად მიიჩნია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში“ და უხუცესებს უსაყვედურა, რომ ეს განცხადებები არ შეასწორეს. მან აღნიშნა, რომ 2008 და 2014 წლებში აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს და რომ მათი გადახედვის მცდელობები მიუღებელია.

ბჟანია და ანქვაბი მწვავე კრიტიკის სამიზნეები არიან და მათ გადადგომისკენაც მოუწოდებენ, რაც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ქონების მიტაცებითაა განპირობებული. მათი პოზიცია კიდევ უფრო მყიფე მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვმა მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის მოტივით პენსიებისა და სხვა სოციალური დახმარებების გამოყოფაზე აფხაზეთს უარი უთხრა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button