skip to content
ახალი ამბები

ნიკა გვარამია საარჩევნო სიაში არ იქნება

ოპოზიციური პარტიის „ახალის“ თანადამფუძნებელმა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის კოალიციის კანდიდატთა სიაში არ იქნება და პირობა დადო, რომ ადგილს „ახალ ადამიანებს“ დაუთმობს.

„მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში“, – განაცხადა გვარამიამ 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. „მე ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელად, მე ვრჩები კოალიციის ლიდერადაც, მე ვრჩები პარტია „ახალის“ ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს“.

გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა სხვა პარტიების ლიდერებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა, რომ ის, ნიკა მელია “ახალიდან” და ზურაბ ჯაფარიძე “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” იქნებიან სიაში, რომელიც 26 სექტემბერს გასაჯაროვდება.

„ჩვენთვის არ არის მთავარი ამოცანა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადგილი დავიკავოთ“, – განაცხადა გვარამიამ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი თავისი რუსული ორიენტაციით ამ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდეს და ქვეყნის ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანებმა, ვინც პროპაგანდისთვის მოწყვლადი ვერ იქნება“.

გვარამიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს მთავრობაში შესვლას ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენდენტობას. მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ერთგულია, რომლის თანახმადაც, მომავალი პრემიერ-მინისტრი უპარტიო კანდიდატი უნდა იყოს.

შენიშვნა: მასალა განახლდა 25 სექტემბერს, 16:03 საათზე და მას ელენე ხოშტარიას განცხადება დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button