skip to content
ახალი ამბები

ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ 6 დეკემბერს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას, წვრილმანი ხულიგნობისა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის (172-ე მუხლი) ადმინისტრაციული ბრალდებებით.

გვარამიას მარნეულის იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა მისი ადვოკატის ან ოჯახის წევრების წინასწარი შეტყობინების გარეშე მოხდა. მას შემდეგ, რაც გვარამიამ იურიდიული წარმომადგენელი მოითხოვა, მისმა ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე მიაწოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესი მაინც გაგრძელდა.

გვარამიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც რაიმე კანონდარღვევას დაადასტურებდა, თუმცა სასამართლომ მაინც მიიღო „ეს უკანონო გადაწყვეტილება“.

კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

გვარამია ოპოზიციური პარტია „დროას“ ოფისში პოლიციის რეიდისას დააკავეს, როცა მან შენობაში შესვლა მოითხოვა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გვარამია პოლიციამ ძალადობრივად დააკავა, რა დროსაც იგი, სავარაუდოდ, დაშავდა, შემდეგ უგონო მდგომარეობაში პოლიციის მანქანაში ჩასვა და მარნეულის იზოლატორში გადაიყვანა.

პოლიციის რეიდი ოპოზიციური პარტიის ოფისებსა და აქტივისტების სახლებში 4 დეკემბერს დაიწყო, აქციების ძალადობრივი დარბევის შემდეგ. მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. სპეცრაზმს გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, ხოლო უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი მათ ქმედებებს წამებასთან აიგივებენ.

მზარდი პოლიტიკური არეულობის საპასუხოდ, ოპოზიციურმა პარტიებმა რეესტრის შექმნა დააანონსეს, სადაც შევა ინფორმაცია ხელისუფლების ქმედებებით დაზარალებულ პირთა და სისასტიკეზე პასუხისმგებელ პოლიციელთა შესახებ. პოლიტიკოსებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეცრაზმის ქმედებები არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, განსაკუთრებით ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც წამებას კრძალავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button