ოპოზიციური კოალიციები გაფართოებას განაგრძობს
ორი ოპოზიციური კოალიცია – “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის” – კვლავ გაფართოვდა.
17 აგვისტოს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ “ევროპული საქართველო” ენმ-ის გარშემო გაერთიანებულ კოალიციას – “ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის” – შეუერთდა. ცოტა ხნის წინ პრაიმერის გამო დაწყებული განხეთქილების შედეგად “ევროპული საქართველო” მისმა ორმა ლიდერმა და წევრთა ნაწილმა დატოვა. გიგი წერეთლის, “ევროპული საქართველოს” ამჟამინდელი თავმჯდომარის, თქმით, პარტიას დღეს ძალების გაერთიანებაზე “უფრო მაღალი ღირებულება” არ გააჩნია, “თუნდაც იმ ძალიან მტკივნეული მომენტის შემდეგ, როდესაც მოხდა დაყოფა”.
ასევე, 18 აგვისტოს “კოალიციამ ცვლილებებისთვის”, რომელიც თავდაპირველად “აჰალმა”, “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” დააფუძნეს, თავის რიგებში “რესპუბლიკური პარტია” და ორგანიზაცია “აქტივისტები მომავლისთვის” მიიღო. რესპუბლიკური პარტია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, თუმცა, “ევროპული საქართველოს” მსგავსად, არაერთი განხეთქილების შედეგად ისიც დასუსტებულია. როგორც მისმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, 1978 წელს პარტიის დაარსების დღიდან პარტიას “დიალოგსა და კონსენსუსზე” დაფუძნებული მრავალპარტიული კოალიციის სწამდა. “მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა”, თქვა სამნიძემ, რომელმაც შარშან კიბო დაამარცხა, “ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა”. “კოალიციას ცვლილებებისთვის” ასევე შეუერთდა “აქტივისტები მომავლისთვის”, ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აქტივისტებს საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.
ამჟამად ოპოზიციური ძალების საარჩევნო კონფიგურაციები შემდეგნაირად გამოიყურება:
“ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის” (ნომერი 5) აერთიანებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “სტრატეგია აღმაშენებელსა” და “ევროპულ საქართველოს”;
“კოალიცია ცვლილებებისთვის” (ნომერი 4) აერთიანებს “აჰალს”, “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “რესპუბლიკურ პარტიასა” და ორგანიზაციას “აქტივისტები მომავლისთვის”;
“ძლიერი საქართველო” (ნომერი 9) – “ლელო საქართველოსთვის”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის”, “მოქალაქეები” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”;
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და “გირჩი” კენჭისყრას დამოუკიდებლად განაგრძობენ.
“ფედერალისტები”, რომელიც “ევროპული საქართველოდან” წასულმა ლიდერებმა ახლახანს ჩამოაყალიბეს, კენჭს დამოუკიდებლად ვერ იყრის, რადგან პარტიამ რეგისტრაციის ვადას გადააცილა. პარტიაში ამჟამად განიხილავენ, შეუერთდნენ თუ არა რომელიმე არსებულ კოალიციას.
ოპოზიციას ძალების გაერთიანების მნიშვნელოვანი მოტივაცია აქვს, რათა ოქტომბერში ჩასატარებელ პირველ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში გაფლანგული ხმების რისკი შეძლებისდაგვარად შეამციროს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)