ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ ჩამოაყალიბეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მე-4 ნომრით იასპარეზებს.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია 11 მარტს თბილისში სასტუმრო შერატონში გაიმართა. თავიანთ გამოსვლებში გვარამიამ და მელიამ სამომავლო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ჩვენი პარტია არის ახალი, ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით… არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ „ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ“.

„ჩვენს ბრძოლას, ჩვენს გამარჯვების რწმენას, აქვს სახელი და ესაა ახალი… სრული სწორება მომავალზე, ჩვენ არ ვაკეთებთ წარსულზე შეფასებებს, ჩვენ გვაინტერესებს მომავლის მიღწევები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თანადამფუძნებლების თქმით, ისინი ახალი გაერთიანების თანათავმჯდომარეები იქნებიან. მათ ასევე აღნიშნეს, რომ პარტიის ყრილობა მომდევნო თვეში გაიმართება.

ახალი პარტიის წევრებს შორის არიან გიორგი კირთაძე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი აჭარაში, რომელმაც პარტია 4 დეკემბერს დატოვა; მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; გიორგი იმედაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი; ანზორ მელია, ექიმი და ნიკა მელიას მამა, და ნოდარ ჩაჩანიძე, აქტივისტი.   

ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 2023 წლის იანვრამდე იყო, როდესაც ის პარტიის ახალმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დაამარცხა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მელიამ ქვეყნის ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრები – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი „მანკიერი, ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებით პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობებში დაადანაშაულა.

შიდა დაპირისპირება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოქმედმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია 2023 წლის ნოემბერში პარტიიდან გარიცხა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მელიამ პარტია ოფიციალურად 7 დეკემბერს დატოვა და ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.

ნიკა გვარამია ოპოზიციური ტელევიზიის „მთავარი არხის“ დამფუძნებელია. 2022 წელს იგი დააპატიმრეს და „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. 2023 წლის 22 ივნისს იგი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

2023 წლის ბოლოს, გვარამიამ პოლიტიკაში მოსვლისა და ახალი პარტიის ჩამოყალიბების გეგმები დააანონსა. ცოტა ხნის წინ მან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა და 12%-იანი წილი თავისი მეუღლის სასარგებლოდ დათმო. გვარამიამ განმარტა, რომ ტელეკომპანიაში წილის ფლობა არ არის  თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button