skip to content
ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: შანიძის საქმე მართლმსაჯულების პოლიტიკურ გამოყენებასა და პროკურატურის პოლიტიზებას ააშკარავებს

სოციალური მართლმსაჯულების ცენტრმა 17 სექტემბერს კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის, გიორგი შანიძის საქმეს შეეხებოდა. ორგანიზაციის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს „სამაგალითო დასჯას პოლიტიკური აქტივიზმისთვის“.

შანიძე სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) და 187-ე (სათვალთვალო კამერების დაზიანების გამო) მუხლებით დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ორივე დანაშაულზე ერთდროულად გამოიტანა განაჩენი. „უფრო კონკრეტულად, შანიძეს 3 ძირი მცენარე კანაფის მოყვანისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რამაც შთანთქა აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, სასამართლომ შანიძის მიმართ 4 წლის ვადით გამოიყენა საპატიმრო სასჯელი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისივე თქმით, შანიძის მსგავს საქმეებზე პროკურატურა და სასამართლო საპროცესო შეთანხმების მექანიზმსა და არასაპატიმრო სასჯელებს იყენებს. მაგალითად, 2023 წელს 242 საქმიდან 240 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მიზეზი, რის გამოც შანიძესთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა ის არის, რომ ის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

რაც შეეხება სხვისი ნივთის დაზიანებას, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ „უკიდურესად პრობლემურად“ გამოიყენება. „მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლო საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად უფარდებს ყველაზე მკაცრ საპატიმრო სასჯელს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ცალსახად წარმოადგენს მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაგალითს, რა დროსაც, ხელისუფლებისთვის არასასურველი მოქალაქე განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „ეს საქმე ამავდროულად არის დასტური, თუ რამდენად ძლიერია პროკურატურის პოლიტიზირება და როგორი შერჩევითი შეიძლება იყოს ამ უწყების საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლება ამგვარი ანგარიშსწორებისთვის სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულს იყენებს, რომელიც წლებია უსამართლო, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა და რომლის რეფორმირებაზე „ქართული ოცნება“ თავად აკეთებდა პოლიტიკურ დაპირებებს ხელისუფლებაში მოსვლამდე“.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სრული სიმკაცრით გამოყენება კრიტიკული აზრის ჩახშობის დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. „გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ერთი მხრივ უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი ცხადად მიუთითებს პროკურატურის პოლიტიზირებაზე.  მმართველი გუნდმა ამ გამოწვევების საპასუხოდ,  სასჯელის პოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის  ნაცვლად, სრულად პარტიული ინტერესებისა და გავლენის ქვეშ მოაქცია მართლმსაჯულების სისტემა“, – დასძენს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button