skip to content
ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის  ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თემურ ქათამაძის საქმეზე სასამართლო მეგობრის  მოსაზრება წარუდგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის თემურ ქათამაძის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus curiae) წარუდგინა. დოკუმენტი მიმოიხილავს თემურ ქათამაძის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს“.

მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ქათამაძე შესაძლოა პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდეს  თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, სადაც მასზე დაკავების ორდერია გაცემული. ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებისგან, რათა სათანადოდ გამოიკვლიოს მისი დაკავების მოთხოვნის საფუძვლები.

თემურ ქათამაძე (იგივე გაფარ ილმაზი) საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს. 57 წლის ქათამაძეს „ბათუმელ მედროშედ“ იცნობენ, რადგან ბათუმის საპროტესტო აქციების დროს მას მუდამ საქართველოს დროშა ეკავა ხელში და პრო-ევროპულ აქციებს უძღვებოდა. 2019 წლამდე ქათამაძე ქვეყანაში სამუაშაო ვიზით იმყოფებოდა, თუმცა 2020 წელს ვიზის გაგრძელებაზე უარი მიიღო. საქართველოში ცხოვრების პერიოდში თემურ ქათამაძემ სამჯერ სცადა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, თუმცა ყველა ჯერზე უარი უთხრეს. 2025 წლის 11 იანვარს იგი ადგილობრივმა პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 16 იანვარს იგი ხელახლა დააკავეს. ამჯერად, ხელისუფლებამ მიზეზად საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობა დაასახელა და განაცხადა, რომ მან სავიზო პერიოდს გადააჭარბა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ქათამაძეს არ მიაწოდეს ინფორმაცია თურქეთში მისი საქმის მიმდინარეობის შესახებ. „მიგრაციის დეპარტამენტს არ შეუფასებია შესაძლო პოლიტიკური მოტივით დევნის შესაძლებლობა. სასამართლომ საკითხის სრულყოფილი შესწავლისთვის უნდა უზრუნველყოს თურქეთის რესპუბლიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შეაფასოს დევნის რისკები“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

სასამართლო მეგობრისს მოსაზრების თანახმად, საქმის მასალები აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძეზე თურქეთის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. „თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავების ორდერი შესაძლოა საქართველოში გიულენის  მოძრაობის წევრებთან მეგობრობას უკავშირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე მოძრაობის წევრი არასდროს ყოფილა, თურქეთში გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ დევნისა და შევიწროების არაერთი ფაქტი არსებობს, რაც აჩვენებს, რომ აღნიშნული რისკები რეალურია და საჭიროებს სასამართლოს მხრიდან სათანადო შესწავლას“,- ნათქვამია მოსაზრებაში.

ორგანიზაცია ასევე იშველიებს საქართველოს კანონს საერთაშორისო დაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც, პირებს, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში პოლიტიკური შეხედულებების, რასის, რელიგიის ან სოციალური ჯგუფის კუთვნილების გამო დევნის ეშინიათ, ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სასამართლოს ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხი განიხილოს.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სასამართლოს შეაფასოს თემურ ქათამაძის სოციალური კავშირები საქართველოსთან, კავშირი მის იდენტობასთან, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან და მისი ისტორიული სამშობლოდან გაძევების შემთხვევაში ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რომელიც იდენტობისა და სოციალური კავშირების დაცვასაც მოიცავს) დარღვევის რისკები.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების ტვირთი თავშესაფრის მაძიებელს ეკისრება, „ხშირად მას არ შეუძლია თავისი განცხადებების დასაბუთება დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულებების წარმოდგენით“, ხოლო „საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უმართებულო უარმა შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს“.

18 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button