აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ გადადგომის შესახებ გაავრცელა განცხადება, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. აბაშიძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
მთავრობის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით უნდა მიიღოს. მანამდე, უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს.
გადადგომის შესახებ განცხადებაში აბაშიძე მადლობას უხდის აფხაზეთის მთავრობას ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, უმაღლეს საბჭოს „განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას „ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის. იგი ასევე განსაკუთრებული მადლობას უხდის „აფხაზეთის საზოგადოებას“.
„მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება – ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – წერს აბაშიძე.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა „ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)