TI-საქართველო: ცესკოს საუბნო წილისყრის ახალი წესი არღვევს საარჩევნო კოდექსს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 29 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ცესკოს ახალ დადგენილებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის თქმით ცვლილებები, რომლებიც დადგენილებაშია მოყვანილი, უგულებელყოფს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და არღვევს საარჩევნო კოდექს. ცვლილებების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებას წილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა უყარონ. აქამდე მსგავსი წილისყრა უშუალოდ საარჩევნო დღეს ტარდებოდა.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომისიის წევრების ფუნქციები, განსაკუთრებით ამომრჩევლის რეგისტრატორის და ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება. ადრე კენჭისყრის პროცედურა საარჩევნო უბნებში არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა და მასზე დაკვირვება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეეძლოთ.
“ცესკოს მიერ მიღებული ახალი წესის შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება. ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას,” – დასძენს TI საქართველო.
ცესკოს დადგენილების კანონიერების დასასაბუთებლად იყენებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც “გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, [ცესკო] უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.”
თუმცა, TI საქართველო ამბობს, რომ ცესკო უგულებელყოფს იმავე მე-14 მუხლის პირველი ნაწილის “ღ1” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც ცესკო უფლებამოსილია განსაზღვროს სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა. “აღნიშნული გამონაკლისი პირდაპირ უკრძალავს ცესკოს, რაიმე ცვლილება შეიტანოს კენჭისყრის დღის პროცედურებში,” წერია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცესკო ბოლომდე არც აკმაყოფილებს მე-14 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან მისი დადგენილება არ ხსნის თუ რა “გამონაკლის შემთხვევას” ჰქონდა ადგილი, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა კენჭისყრის არჩევნების დღეს ჩატარება. “2023 წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნების დროს, სადაც იგივე ელექტრონული ტექნოლოგიები და პროცედურები იყო გამოყენებული, რისი გამოყენებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დაგეგმილი, წილისყრის პროცედურების ნაწილში პრობლემა არ გამოვლენილა,” – დასძენს TI საქართველო.
ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააუქმოს მიღებული დადგენილება და დაიცვას წილისყრის პროცედურის ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა.
მსგავსი შეფასება და მოწოდება ასევე გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/06/2023 – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს ფორმირების წესი იცვლება
- 19/03/2024 – პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)