skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი “კომუნისტი”, 1937: ვემზადოთ მშრომელთა საბჭოების არჩევნებისთვის

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

კონტექსტისთვის: 1937 წელს, საბჭოთა კავშირში, დიდი ტერორი იყო გამეფებული. მილიონობით ადამიანი, ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე, გამოგონილი ბრალდებით, იქნა დასჯილი. ამის პარალელურად, იმპერიაში, არჩევნები მაინც იმართებოდა. ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალული იყო, შეუძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკა, აქედან გამომდინარე, არჩევნებსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

გაზეთი “კომუნისტი” 18.09.1937

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

ახალი სტალინური საარჩევნო კანონი მოქმედებაში შევიდა.

საბჭოთა ხალხის ფართო მასები ყველგან სწავლობენ ჩვენი ეპოქის ამ უდიდეს დოკუმენტს. დაიწყო პრაქტიკული მზადება სსრ კავშირის უზენაისი საბჭოს არჩევნებისთვის. უახლოეს მომავალში შედგება მშრომელთა საბჭოების არჩევნები.

მშრომელთა საბჭოების არჩევნების მომზადება და ჩატარება პარტიული და საბჭოთა ორგანოებისგან მოითხოვს მასებში სააგიტაციო და ორგანიზატორული მუშაობის სანიმუშო დაყენებას.

სსრ კავშირში ახალი სტალინური კონსტიტუციის შემოღება მოასწავებს მობრუნებას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პარტიული ორგანიზაციები სათავეში უნდა ჩაუდგნენ ამ მობრუნებას და სავსებით უზრუნველჰყო თავისი ხელმძღვანელი როლი ჩვენი ქვეყნის უზენაისი ორგანოების მომავალ არჩევნებში.

პარტიულ – პოლიტიკური მუშაობის გარდაქმნამ, რაც ჩატარდა საკ.კ.პ. ცენტრალური კომიტეტის თებერვალ-მარტის პლენუმის გადაწყვეტილებითა და ამ პლენუმზე დიდი სტალინის მიერ მოცემულ მითითებათა საფუძველზე, თავისი კეთილნაყოფიერი შედეგები გამოიღო. […]

დაწინაურდნენ პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო მუშაკების ახალი ხელმძღვანელი კადრები ლენინ-სტალინის საქმისადმი ბოლომდე ერთგულ პარტიულ და არაპარტიულ ბოლშევიკთა რიცხვიდან. უფრო ფართოდ გაიშალა ბოლშევიკური კრიტიკა და თვითკრიტიკა, გაძლიერდა კომუნისტთა და ყველა მშრომელთა რევოლუციური სიფხიზლე ხალხის საზიზღარი მტრების – ტროცკისტ-მემარჯვენე ფაშისტ კონტრრევოლუციონერთა გამოაშკარავებისა და განადგურების საქმეში.

[…]

ჩვენ უკვე შევედით სსრ კავშირის უზენაისი საბჭოს არჩევნებისთვის პრაქტიკული მზადების ხანაში, რაც პარტიული ორგანიზაციების განსაკუთრებულ ყურადღებასა და დიდ მუშაობას მოითხოვს.

საარჩევნო უბნების მოწყობა, საარჩევნო სიების შედგენა, საარჩევნო კომისიების შემადგენლობის შერჩევა, კანდიდატურების წამოყენება – ყოველივე ეს პარტიულ ორგანიზაციათა მუშაობისა და ხელმძღვანელობის ცენტრში უნდა იდგეს.

არ შეუშვან არცერთი მტერი და უცხო ელემენტი საარჩევნო კომისიაში, აღკვეთონ და მოსპონ რაიმე ანტისაბჭოთა აგიტაციის შესაძლებლობა – აი პარტიული და საბჭოთა ორგანიზაციების ამოცანა.

ბოლშევიკური აგიტაცია და პროპაგანდა უნდა წარიმართოს ხალხის განადგურებული მტრების – ტროცკისტ-მემარჯვენე, მენშევიკური, ნაციონალისტურ და სხვა ფაშისტ კონტრრევოლუციონერთა ნაშთების სრული აღმოფხვრისკენ.

[…]

საქართველოს ბოლშევიკთა კომუნისტური პარტია ახალი წარმატებებითა და გამარჯვებებით ხვდება ჩვენი ქვეყნის უზენაესი ორგანოების არჩევნებს.

ულმობელად ააშკარავებენ და სპობენ რა ფაშისტ – ტროცკისტ და მემარჯვენე გამცემელთა შენიღბულ ნამსხვრევებს, ამაღლებენ რა პარტიულ – პოლიტიკურ მუშაობის ხარისხს, საქართველოს პარტიული ორგანიზაციები უზრუნველჰყოფენ მუშათა და გლეხთა სოციალისტური სახელმწიფოს უზენაისი ორგანოების მომავალი არჩევნების წარმატებით ჩატარებას.

Back to top button