გალში ‘უკანონო საზღვრის კვეთის ხელშეწყობისთვის’ საქართველოს სამი მოქალაქე დაიჭირეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გალის რაიონში “უკანონო საზღვრის კვეთაში” ხელშეწყობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
სოხუმის ცნობით, დაკავებულთაგან ორი 1964 წელს დაბადებული რემიკო ჭითანავა და 1967 წელს დაბადებული მურთაზ ჭითანავაა. მესამე დაკავებული, ცნობების თანახმად, არჩილ საქანიაა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) სოხუმის დე ფაქტო მთავრობაზე დაყრდნობით წერს, სამივე მათქანს, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მაცხოვრებლებს, “უკანონო მიგრაციის ორგანიზების” ბრალდებით ორთვიანი “წინასწარი პატიმრობა” შეეფარდათ.
აფხაზური მედიასაშუალება Apsnypress-ის თანახმად, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ჭითანავების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინა “F1 ყუმბარა, RGD 5 ხელყუმბარა, 1 600 გრამი ტროტილი, 45 გრამი პლასტიდი, ტროტილის კოჭი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და დოლარის კუპიურების შეკვრა”.
Apsnypress-ის თანახმად, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ასევე ჩივის ქართული და თურქული “დანაშაულებრივი სტრუქტურების” წევრების მიერ აფხაზეთში “შეღწევის” მცდელობების გაზრდილ რაოდენობაზე. ცნობის თანახმად, “აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვრის კვეთის” მცდელობის გამო მათ ასევე დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, დმიტრი დენისოვი და ალეკსანდრ ლუზენინი. სოხუმის მტკიცებით, პირი, რომელიც მათ ეხმარებოდა, 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანიაა, რომელიც ქართული მედია წყაროების თანახმად მესამე დაკავებული ქართველია.
სუს-მა “უკანონო” დაკავებები დაგმო და აღნიშნა, რომ ასეთი დაკავებები “ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს”. განცხადების თანახმად, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.
“ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”, – აღნიშნა სუს-მა 21 აგვისტოს განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ “ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე” პასუხისმგებლობას “საოკუპაციო ძალას” აკისრებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/05/2023 – ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 10.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- 08/11/2022 – სუს-ის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)