საქართველომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა
საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ჯამში შვიდი მედლით და 24-ე ადგილით დაასრულა საერთო გუნდურ ჩათვლაში – ეს 3,5 მილიონიანი ერისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
11 აგვისტოს გამართულ ბოლო მატჩში, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 27 წლის გივი მაჭარაშვილმა ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუტანა მას შემდეგ, რაც ის 97კგ წონით კატეგორიაში ბაჰრეინელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.
მთლიანობაში, ქვეყანას ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ, ასევე მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა. ხოლო მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი მსროლელის ნინო სალუქვაძისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ათ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები, ხოლო ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები.
ამ ორდენებით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)