skip to content
ახალი ამბები

გამოძიებამ მოსკოვში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უძრავი ქონება გამოავლინა

საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ მოსკოვში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი სახლები და მიწის ნაკვეთები გამოავლინა.

მართალია 2011 წელს, „ქართული ოცნების“ დაფუძნებისას, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ რუსულ კომპანიებს გაყიდდა და რუსულ პასპორტზე უარს იტყოდა, გამოძიება სხვას მეტყველებს.

გამოძიება ერთობლივად აწარმოეს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა (OCCRP), iStories-მა, GMC-მ, სტუდია მონიტორმა, აი, ფაქტმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფლობს ორ კერძო სახლს მოსკოვის ორ პრესტიჟულ უბანში, სოკოლსა და ოდინცოვოში, რომელთა ფართობიც, შესაბამისად, 795.6 და 614.5 კვ.მ.-ია და რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.

აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია.

ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის Vanity Overseas Limited საშუალებით ფლობს.

ოდინცოვოს რეზიდენცია

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ოდინცოვოს რაიონში მიწა 1997-1998 წლებში შეიძინა. დღემდე ცნობილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, სახელზე რეგისტრირებული იყო 12,107 კვ.მ. საერთო ფართობის 3 მიწის ნაკვეთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში შევსებულ ერთადერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ ეკა ხვედელიძე მოსკოვში ქონების დაგროვებას დღესაც განაგრძობს: მან 2021 წელს შეიძინა დამატებით 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 9,070 კვ.მ.) მათზე არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობით, მათ შორის 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლით; ხოლო, სულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 19 აპრილს – 4,500 კვ.მ. ფართობის კიდევ ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

გამოძიების თანახმად, ოდინცოვოს რეზიდენციას და ასევე 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყო. ეს უკანასკნელი საერთო რუსულ ბიზნესს ფლობდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ გენერალ, გეორგი პოლტავჩენკოსთან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციის ნაწილს ივანიშვილების ოჯახი რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ საშუალებით ფლობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის (Vanity Overseas Limited) გავლით ფლობს.

მთლიანობაში, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ივანიშვილების ოჯახს ეკუთვნის 52,677 კვ.მ. საერთო ფართობის 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლი, 3 გარაჟი და კიდევ 9 დამხმარე ნაგებობა. მთლიანობაში, ამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მინიმუმ 11 მლნ დოლარია.

სოკოლის რეზიდენცია

გამოძიებით დადგინდა, რომ ივანიშვილების ოჯახი ასევე ფლობს სახლს კიდევ ერთ პრესტიჟულ უბანში, სოკოლში, რომელიც ამჟამად გაქირავებული აქვს ცნობილ რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე (ფსევდონიმით ჟორა კრიჟოვნიკოვი), საიდანაც ყოველ თვე 9 000 აშშ დოლარ შემოსავალს იღებს.

მინიმუმ 3.8 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ბინის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე და უტა ივანიშვილი არიან. 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ეს ბინა მის დეკლარაციაში შევიდა.

გამოძიების მიხედვით გაირკვა, რომ შპს „აკვა სფეისის“ ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ივანიშვილების სოკოლის რეზიდენციის მოვლა და მისი გაქირავებაა. ეს კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიში რუსულ „სბერბანკში“ აქვს, იჯარიდან თანხის დიდ ნაწილს ეკატერინე ხვედელიძეს ურიცხავს, რომელსაც ანგარიში სხვა რუსულ ბანკში, VTB-ში აქვს. ორივე ბანკი სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button