skip to content
ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ივანიშვილისა და მისი ნათესავების „რუსული ბიზნესის“ შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 27 აპრილს ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების რუსეთში ბიზნესინტერესების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ივანიშვილი რუსეთში მინიმუმ 1 კომპანიას ფლობს და იქ „აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას“ მისი ნათესავებიც ეწევიან.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში

კვლევის თანახმად, ივანიშვილი ოფშორული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ (Vanity Overseas Limited) მეშვეობით რუსეთში შპს „აკვა-სფეისს“ (ООО Аква-Спейс) ფლობს. ეს უკანასკნელი „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედმა“ 1997 წელს დააფუძნა და მის 100%-იან წილს ფლობს.

შპს „აკვა-სფეისი“ დღემდე აქტიური კომპანიაა და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა: არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, კომპანიის გენერალური დირექტორი 2015 წლიდან ოლგა ბოროვიკოვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია „უნიკორის“ (Уникор) სამართალმემკვიდრის, შპს „დოლგოვოე აგენსტვოს“ (ООО Долговое Агентство) დირექტორიცაა.

კვლევის მიხედვით, 2013 წლის ივნისში, ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის დროს, შპს „აკვა-სფეისს” რუსეთში ორი კომპანია – შპს „ენტერპრაიზის სერვისი“ (ООО Энтерпрайзис Сервис) და შპს „პრესტიჟ მარკეტი“ (ООО Престиж Маркет) შეერწყა, 2014 წელს კი – მას შპს „ტრანსფორმინგ ჯგუფიც“ (ООО Группа Трансформинг) შეუერთდა.

ამასთან, „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ საქართველოში შპს „აკვა ცენტრსაც“ ფლობს, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მიისი დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია, რომელიც საქართველოში ივანიშვილის მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.

კვლევის მიხედვით, 2015 წლამდე ოფშორული კომპანია „ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-ის გავლით ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი“ (ООО ПА ТехГлобал), რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს „რესურსფიუჩერსი” (ООО Ресурсфьючерс). ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ 6 კომპანია: შპს „ტრანსფინანსაქტივი“ (ООО ТрастФинансАктив), შპს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი“ (ООО ФГ ЦБ), შპს „მეტპრომ ჰოლდინგი“ (ООО МетПром Холдинг), შპს „ტელეკომქსელი“ (ООО Телекомсеть), შპს „სპეცპრომტრანსი“ (ООО СпецПромТранс), და შპს „სერვისტექალიანსი“ (ООО СервисТехАльянс).

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში, კიდევ ერთი ოფშორული კომპანია „ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედის“ (Wenigen Management Limited) გავლით რუსეთში წილებს შემდეგ ოთხ კომპანიაში ფლობდა: შპს „ფირმა ავეკი” (ООО Фирма АВЕК – 2019 წლის ივნისამდე), შპს „ტერსი“ (ООО ТЕРС – 2015 წლის ნოემბრამდე), შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი“ (ООО КМА-Холдингтранс – 2015 წლის ივნისამდე) და შპს „მკ-ჰოლდინგი“ (ООО МК-Холдинг – 2013 წლის ნოემბრამდე).

ამასთან, თავის მხრივ, შპს „ტერსს“ 2010 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს „ჟელეზორუდნი ჰოლდინგი“ (ООО Железорудный Холдинг) შეუერთდა, რომელსაც მანამდე ასევე აღნიშნული ოფშორი ფლობდა.

„ზემოხსენებული კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ Wenigen Management Limited-ს უკავშირდება“, – ნათქვამია კვლევაში.

ბიძინა ივანიშვილის ნათესავების კომპანიები რუსეთში

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, ხსენებული ოფშორული კომპანიების გარდა რუსეთში „აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან“ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს საერთო ბიზნესი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირი პუტინთან დაახლოებულ პირთან, „კაგებეს“ გენერალთან და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ და ამჟამად აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან. მათ წილები შვილებზე აქვთ გაფორმებული.

კვლევის მიხედვით, რუსეთის სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტებით დასტურდება, რომ რუსული კომპანია „გეო ორგანიკსის“, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს, 25%-ს 2021 წლის თებერვლიდან უჩა მამაცაშვილის 20 წლის ვაჟი, ტიტე მამაცაშვილი ფლობს, 10% კი – ამავე წლის აგვისტოდან გეორგი პოლტავჩენკოს ვაჟს ალექსეი პოლტავჩენკოს ეკუთვნის.

„ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ სიუჟეტებზე დაყრდნობით, კვლევაში საუბარია უჩა მამაცაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესკავშირებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ ანნა კუვიჩკოსთან და მის მეუღლესთან, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან.

კვლევის თანახმად, 2021-2021 წლებში უჩა მამაცაშვილის ვაჟსა და ხერიანოვს საერთო წილები ჰქონდათ ორ რუსულ კომპანიაში – შპს „გეო ორგანიკსი“ და ამ კომპანიის შვილობილი შპს „გეო მედი“. ალექსანდრე ივანიშვილი კი – 2022 წლამდე ბრიტანეთში არსებული „გეო ორგანიკსის“ 30.5%-ს ფლობდა, რომლის 24.5%-იანი წილის მფლობელი 2019-2021 წლებში ხერიანოვის დედა, ოლგა ხერიანოვა იყო.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, როლანდ ხერიანოვი 2016 წლიდან რუსული სააფთიაქო ქსელის „36.6“ მმართველი საბჭოს წევრია, რომლის მფლობელი კომპანია „ერკაფარმი“ 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანია „უნიკორის“ ნაწილი იყო.

შეჯამება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვარაუდით, ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს. ამის მაგალითად, კვლევაში შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებული საქმის მასალებია დასახელებული, რომლებშიც სხვადასხვა დროს, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან – ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი); ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი); გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე) და ზვიად ხუხუნაშვილი („ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).

საერთაშორისო გამჭვირვალობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილის არაფორმალურ გავლენებზეც მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ „როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში [რუსეთში], გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button