skip to content
ახალი ამბები

გლობალური ჟურნალისტიკის ლიდერები საქართველოს „რუსულ კანონს“ გმობენ და ქართველ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ

პრესის ეროვნულმა კლუბმა და პრესის ეროვნული კლუბის ჟურნალისტიკის ინსტიტუტმა, მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად,  5 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს თავიანთ კოლეგებს საქართველოში, „იმ ფონზე, როდესაც ისინი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ტროლინგს, დაშინების ტაქტიკას და მათი გაჩუმების პოლიტიკურ ძალისხმევას უპირისპირდებიან“ და მხარდაჭერა აღუთქვეს მათ.

„ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. არც მთელი მსოფლიოდან გამჭვირვალობისა და დემოკრატიის მხარდამჭერთა მხრიდან ჟურნალისტიკის მხარდაჭერაა [დანაშაული], – აღნიშნავენ გლობალური ჟურნალისტიკის ლიდერები და დასძენენ, რომ საქართველოს პარლამენტი 1 აგვისტოს ამოქმედებული „რუსული კანონით“ ამის სტიგმატიზაციას ცდილობს.

მედიის თავისუფლების კოალიციასა და პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ორგანიზაციების კოალიციაზე დაყრდნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის გამო საინფორმაციო სააგენტოები და ცალკეული რეპორტიორები უსაფუძვლო სარჩელებისა და ჯარიმების ობიექტები ხდებიან. მედია ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვით, კანონი ადგილობრივი ოლიგარქების სასარგებლოდ მოქმედებს, უზრუნველყოფს მათ კონტროლს სოციალურ ნარატივზე და ხელს უწყოს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო საქმეების მეშვეობით დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების ფინანსური დისკრედიტაციისკენ მიმართული მცდელობები არის „დიქტატორების სახელმძღვანელოდან ამოღებული ძალიან ნაცნობი გვერდი“. პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პრესაზე სამართლებრივ თავდასხმებს ჟურნალისტების ფიზიკური დაშინებაც ახლავს თან. ამავე ინფორმაციით, წელს სულ მცირე 20 ჟურნალისტს გაუსწორდნენ.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს შეშფოთება ჟურნალისტურ საზოგადოებას სცილდება: თავისუფალი პრესის სარგებელი აშკარაა ყველასთვის, ვინც ისეთ ქვეყნებში ყოფილა, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, ხოლო ხელისუფლება ამაზე პასუხს არ აგებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გარეშე, კორუფცია მწვავდება, ხოლო ეკონომიკა ინგრევა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, როგორი მოკლევადიანიც არ უნდა იყოს პოლიტიკური სარგებელი, რომელსაც როგორც საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, პრესის ჩახშობის შედეგად მიიღებენ, ბევრად უფრო აღმატებული იქნება ის გრძელვადიანი ზარალი, რომლის წინაშეც ერი აღმოჩნდება.  

გლობალური ჟურნალისტიკის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან „დემოკრატიის მტრები“ დემოკრატიის ინსტრუმენტებს იყენებენ თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა, მათ შორის პრესამ, საკუთარი თავი დაიცვან. „ამიტომ ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში. თუ ისინი თავად ვერ ილაპარაკებენ, ჩვენ ვისაუბრებთ მათ მაგივრად და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button