ახალი ამბები

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ სასამართლო მოიგო

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი, ირმა მანაგაძე ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

მანაგაძემ 8 ნოემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ სასამართლომ კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდური საათების ანაზღაურება დააკისრა, თუმცა სამსახურში მისი აღდგენის თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მაგრამ არაუშავს, დრონი მეფობენ და არა მეფენი. ადრე თუ გვიან, მე აუცილებლად დავბრუნდები მუზეუმში“, – დასძინა მან.

განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნა ეროვნულმა მუზეუმმა და აღნიშნა, რომ სასამართლომ „ირმა მანაგაძის სასარჩელო მოთხოვნა კომპენსაციის სახით 10 560 ლარის გადახდისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა“. ეროვნული მუზეუმის განცხადება Facebook-ზე კულტურის სამინისტრომაც გააზიარა.

ეროვნული მუზეუმისა და სამინისტროს Facebook-ის გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ცრუ“ უწოდა ირმა მანაგაძემ.

სასამართლოში მანაგაძის უფლებების დამცველი იურიდიული კომპანია Jastice League-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დიტო ხვიჩიამ Facebook-ზე დაწერა, რომ ეროვნული მუზეუმის განცხადება „გაუგონარი მდაბიო სითავხედეა“, რომელიც „ყოველგვარ ზღვარს სცდება“.

მისივე თქმით, სასამართლომ ირმა მანაგაძის სარჩელის „დიდი ნაწილი“ დააკმაყოფილა. კერძოდ, უკანონოდ ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მუზეუმს მანაგაძისთვის „კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა“ დააკისრა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

„სამარცხვინო კანტორად რო გადაიქეცით, სააპელაციო და უზენაეს ინსტანციებშიც ესე წააგებთ დავას“, – დაწერა მან ეროვნული მუზეუმის მისამართით.

მანაგაძის უშუალო უფლებადამცველმა, მარიამ გეგუჩაძემ დღეს „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში დააზუსტა, რომ სასამართლომ მათ ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ მანაგაძის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა და „სწორედ ამიტომაც, დააკისრა მუზეუმს კომპენსაციის გადახდა“.

საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button