ახალი ამბები

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მარტს უკანონოდ ცნო  კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ნათელა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც სასამართლოში მუმლაძის ინტერესებს იცავდა, 27 მარტს განაცხადა.

ორგანიზაციის თქმით, მუმლაძე იმ თანამშრომლებს შორის იყო, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად მასობრივად დაითხოვეს.

„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.

გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

მანამდე 19 მარტს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის საქმეზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ ცნო დინარას ვაჩნაძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან და მუზეუმს კომპენსაციისა და განაცდურის გადახდა დააკისრა.

თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button