skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე საპროტესტო აქციების დროს ცემიდან ორ თვეში დაზარალებულად ცნეს

ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე დაზარალებულად 26 ივნისს, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მიერ ცემიდან 2 თვის თავზე ცნეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 16 აპრილს მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მან სპეცრაზმი პოლიტიკურად მოტივირებულ სისასტიკეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაკავების დროს და მის შემდეგ იგი სასტიკად სცემეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით, ირაკლი კუპრაძეზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა, რაც, მისი თქმით, ვიდეოშიც ჩანს. თუმცა, კადრებში არ არის იდენტიფიცირებული ის პოლიციელი, ვინც მას სცემა.

„ეს სპეცრაზმელები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები. წარმოუდგენელია მათი ყოფნა სამართალდამცავ უწყებაში, ეს იქნება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომ სადისტები სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს და მისი მიღების შემდეგაც, ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი, აქტივისტი და რიგითი მოქალაქე სამართალდამცავებმა და ე.წ. „ტიტუშკებმა“ სცემეს. საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთაგან ბევრმა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button