skip to content
ახალი ამბები

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები: „უცხოელი აგენტების“ კანონი „შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან“

10 მაისს, ნორდიკულმა და ბალტიის ქვეყნებმა – ფინეთმა, შვედეთმა, ნორვეგიამ, ისლანდიამ, დანიამ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტუაციან – ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მისი მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე“. განცხადება საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ბოლო პერიოდში „საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით „უსაფუძვლო და დამაბნეველია“.

„ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია“.

ამ კონტექსტში განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button