skip to content
ახალი ამბები

36 ქვეყანა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპონენტებზე თავდასხმები

ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს სააგენტოებში ჟენევაში, ელჩმა დარიუს სტანიულისმა, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე 36 ქვეყნის ერთობლივი განცხადება წარმოადგინა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“,  შეწყვიტოს კანონის ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონი „სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში“ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს“ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა შემთხვევა და თავი შეიკავოს პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან.

„ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის 25 წევრი ქვეყანა, გარდა სლოვაკეთისა და უნგრეთისა, ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ალბანეთი, მონტენეგრო და უკრაინა, მონაკო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, კანადა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button