ახალი ამბები

ანტი-ამერიკული პროპაგანდის მიზეზით ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტმა ვაშინგტონიდან, რუსა შელიამ 1 დეკემბერს ტელეკომპანია დატოვა და ამის მიზეზად ტელევიზიის სავარაუდო ანტი-ამერიკული დღის წესრიგი დაასახელა. მან განაცხადა, რომ კვლავ ჟურნალისტიკაში რჩება და „მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან“.

ქართულ ონლაინ მედია პლატფორმაზე on.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში შელია ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაზე საუბრობს. მისი თქმით, იგი რუსეთ-უკრაინის ომს აშუქებდა, როდესაც 2022 წლის ივლისში ვაშინგტონში არხის ამერიკული ბიუროს აღსადგენად გაგზავნეს.

შელია აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ თავდაპირველად არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია მისი ინტერვიუების, კომენტარებისა და სხვა მასალის გამოქვეყნებაზე. თუმცა, მისივე მტკიცებით, დროთა განმავლობაში არხის ინტერესი იმ საკითხების გაშუქების მიმართ, რომლებიც არა მხოლოდ ქართული მედიისთვის, არამედ გლობალური მედიისთვისაც მნიშვნელოვნად ითვლებოდა, შემცირდა. ის იხსენებს, რომ ინტერვიუების ე.წ. თაროზე შემოდება ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ფრთხილად და შეფარვით დაიწყო. სანაცვლოდ, მას ისეთ დავალებებს აძლევდნენ, რომლებიც „თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა მხოლოდ შეერთებული შტატების დისკრედიტირებას“.

შელიას თქმით, მან არაერთხელ წამოჭრა ეს საკითხი თავის უშუალო ხელმძღვანელთან და გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთი დავალებები მიუღებელია იყო მათი „ანტიდასავლური კონტენტის“ გამო. მან განაცხადა, რომ „კონკრეტული საუბარი“ ჰქონდა ტელეკომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რასაც მოყვა შეთანხმება მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სულ ცოტა 2024 წლის აპრილამდე, ხოლო რეალურად, 2024 წლის დეკემბრამდე ვაშინგტონში უნდა დარჩენილიყო.

თუმცა, შელიას თქმით, ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ „ფეისბუქზე“ მისი კრიტიკული პოსტის შემდეგ, მან არაერთი ზარი მიიღო ტელევიზიიდან, „ისტერიული ტექსტებით“, რასაც მოჰყვა თბილისში დაბრუნების მოთხოვნაც. „ბუნებრივია, კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინე, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულიად გასაგები იყო, რომ მომავალ ორწლიან მუშაობაზე გათვლილ ბიუროს, ერთ თვეში, ჩემი საჯარო პოსტის გამო ხურავდნენ. ბევრი ტექნიკური დეტალის გათვალისწინებით და საკმაოდ მძიმე საუბრის შემდეგ, მაშინ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს დეკემბერში დავემშვიდობებოდით“, – წერს შელია.

„თუ კიდევ ვინმეს შეკითხვა დარჩება ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ან ეცდება არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს, აბსოლუტურად მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში ამომწურავი პასუხები გავცე. უმძიმესი პროცესია ეს ჩემთვის, მაგრამ სუფთა მაქვს სინდისი და სათქმელს ეს განცდა მიმარტივებს“, – დასძინა შელიამ.

2023 წლის მარტში, „უცხოური აგენტების შესახებ“ შემოთავაზებულ კანონპროექტს  არაერთი ქართველი პროფესიონალი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პროფესიული ასოციაცია და ჟურნალისტი გამოეხმაურა და მისი მიღების არასახარბიელო შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის იყო რუსა შელიაც, რომელმაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ“. საკუთარი წინააღმდეგობა კანონპროექტის მიმართ „იმედის“ რამდენიმე სხვა ჟურნალისტმაც გამოხატა.  

კიდევ ერთი შემთხვევის დროს, ჟურნალისტმა ქეთი ფარცხალაძემ, რომელიც 2013 წლიდან ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობდა, 2023 წლის ოქტომბერში არხი დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან განაცხადა, რომ მას მიუთითეს, რომ კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქებიდან პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზე გადასულიყო, რის მიზეზადაც საარჩევნო წლის დაწყება და ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობის ზრდა დაუსახელეს. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი მოგვიანებით წაიშალა, ფარცხალაძემ განაცხადა, რომ მას ის არ წაუშლია და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციაზე რჩებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button