skip to content
ახალი ამბები

კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე სატელევიზიო დისკუსიას სთავაზობს

14 აპრილს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს ბრალდებები წაუყენა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში აქტიურად მონაწილეობასა და „ოპოზიციის ჩანაცვლებაში“ დაადანაშაულა. მათ „უსაფუძვლო კრიტიკასთან“ გასამკლავებლად, პრემიერ-მინისტრმა მათ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვა შესთავაზა. კობახიძის განცხადებას წინ უძღოდა მისი ვიზიტი ბერლინში, სადაც იგი მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საჯაროდ დაუპირისპირდა კანცლერ ოლაფ შოლცს.  

განცხადება იწყება სიტყვებით: „საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის – ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია“. თუმცა, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ელჩები „განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა“.

კობახიძის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ“.

გააკრიტიკა რა „რამდენიმე უცხოელი დიპლომატის“ განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, „მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას“, კობახიძემ აღნიშნა, რომ „უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ“.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პირდაპირ ეთერში დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button