დაწვრილებით

საიას ანგარიში: 7-9 მარტის სამოქალაქო პროტესტის შეფასება – კანონიერება, პროპორციულობა და ადამიანის უფლებათა დარღვევები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს 2023 წლის 7-9 მარტის სამოქალაქო პროტესტთან დაკავშირებულ მოვლენებს როგორც აქციების დაშლის გადაწყვეტილებისა და გამოყენებული საშუალებების კანონიერების/პროპორციულობის კუთხით, ისე აქციების დაშლის დროს ადამიანის უფლებათა სხვა ტიპის დარღვევების იდენტიფიცირების თვალსაზრისით.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებებმა მარტის აქციების დაშლის შესახებ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კერძოდ, აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში ჩარევა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა. საია აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადოდ მართვა, მათ შორის, არ ისარგებლა აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსით.

7-9 მარტის აქციების დროს სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასების შედეგად, საია-მ დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაარღვიეს კანონმდებლობა:

  • ლოკალური ხასიათის დარღვევებზე ინდივიდუალური და შეზღუდული რეაგირების ნაცვლად, შსს-მ მშვიდობიანი აქციის დაშლის უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო;
  • აქციის დაშლის ოპერაციის დროს და, შესაბამისად, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას, სამართალდამრღვევი და მშვიდობიანი მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნის ვალდებულების დარღვევა;
  • სპეციალური საშუალებების ერთდროულად და პარალელურად გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით;
  • სპეციალური საშუალებების უკანონოდ და არაპროპორციული ძალით გამოყენება („წიწაკის სპრეის“ სახეში შესხმა, წყლის ჭავლის, ასევე, ცრემლსადენი გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა);
  • აქციის მშვიდობიანი მონაწილეების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალის გამოყენება, უკანონო და მასობრივი დაკავება;
  • მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

7-9 მარტის აქციების დაშლისას გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის საფუძველზე წარმოებული დაკავებები/სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს. კერძოდ:

  • გამოვლინდა მასობრივად ადამიანების უკანონო დაკავების შემთხვევები: სამართალდამცავები უმეტესად აკავებდნენ არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს, არამედ ზოგჯერ მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, „ხელში მოჰყვებოდათ“;
  • პრობლემურია დაკავებულთათვის კანონით მინიჭებული უფლებების განმარტების საკითხიც. დამკავებელი პირები მათ, უმეტესად, არ აცნობდნენ უფლებებს, ზოგ შემთხვევაში კი დაკავებულებს არ მიეცათ ახლობლებსა და ადვოკატებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავების ოქმების შევსებასთან დაკავშირებით შეინიშნებოდა ხარვეზები. არაერთ ოქმში არასწორად იყო მითითებული დაკავების დრო და დამკავებელი პირების მონაცემები;
  • შსს დაკავების 24-საათიან ვადას უსაფუძვლოდ აგრძელებდა დამატებით 24 საათით და სათანადოდ არ ასაბუთებდა, ამისთვის რა ობიექტური საჭიროება არსებობდა;
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაცვის მხარისთვის იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად არასაკმარისი ვადის მიცემა. ასევე, სხდომები ტარდებოდა არასამუშაო საათებში და ზოგჯერ დაცვის მხარე არ იყო ინფორმირებული მისი დაწყების დროსთან დაკავშირებით;
  • საქმის მასალების და სასამართლოს დადგენილებების შესწავლამ აჩვენა, რომ სასამართლო არ არის მოტივირებული, ბრალდების მხარეს მოსთხოვოს ობიექტური მტკიცებულება (მაგალითად, სამხრე კამერის ჩანაწერი), ან მოიხმოს ნეიტრალური მოწმე. ასევე, დადგენილებებში, უმეტესად, დაკონკრეტებული არ არის რაში გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ან/და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა;
  • სასამართლო უმეტესად სამართალდამრღვევებად ცნობდა პირებს და, ძირითადად, სანქციის სახით იყენებდა ჯარიმას;
  • საქმის მასალებიდან გამოიკვეთა პერსონალური მონაცემების არასათანადოდ დამუშავების ფაქტები.

საიას-ს თქმით, საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს დემონსტრანტების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენების პრაქტიკაც.

საია რეკომენდაციას აძლევს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს  

  • მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს შემუშავებული და დამტკიცებული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა აქციის მართვის/დაშლის შესახებ;
  • აქციის მიმდინარეობისას დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დროულად გამოიყენოს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი;
  • სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება აქციის მშვიდობიანი და სამართალდამრღვევი მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო ლოკალური და ინციდენტური ხასიათის შემთხვევებზე რეაგირებისას მხოლოდ სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენონ ინდივიდუალური და პროპორციული საშუალებები;
  • სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების წესების დაცვით გამოყენების თაობაზე;
  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მიერ სპეციალური საშუალებების წესების დაცვით გამოყენების ზედამხედველობა;
  • უზრუნველყოს თანამშრომელთა მომზადება მედიის წარმომადგენლების ფუნქციის, პასუხისმგებლობისა და უფლებების შესახებ, განსაკუთრებით კი, აქციების დროს მათი როლის თაობაზე.
  • შეკრებებში მონაწილეთა დაკავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერი საფუძვლების არსებობისას, გადამეტებული ძალის გამოყენების გარეშე;
  • აწარმოოს რობოკოპის აღჭურვილობის მკაცრი აღრიცხვა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სამართალდამცავთა იდენტიფიცირება, რომლებმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებში მოხდეს სამართალდარღვევის ფაქტის დეტალური აღწერა;
  • ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების იზოლატორში მოთავსების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდეთ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება;
  • პოლიციის თანამშრომლებს ჩაუტარდეთ გადამზადება ადმინისტრაციული წესით დაკავების წინაპირობების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტაციის მომზადებისა და დაკავებულ პირებთან შესაბამისი კომუნიკაციის თაობაზე;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
  • უზრუნველყოს თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

საქართველოს პარლამენტს:

  • განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგად, არსებული კანონმდებლობა შეიცვლება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დასრულდება მისი გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური მიზნით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;
  • გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გავრცელდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული უფლებები.

სასამართლოს:

  • მოსამართლეებმა გონივრული ვადა დაუთმონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას;
  • მოსამართლეებმა უარი თქვან მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ოქმებსა და მათ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით პირის სამართალდამრღვევად ცნობის პრაქტიკაზე და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დადასტურდება, გადაწყვიტონ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button