ახალი ამბები

ODHIR-ი აქვეყნებს „უცხოეთის აგენტების“ კანონების შესახებ უარყოფით შეფასებას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი), სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე. დასკვნა მომზადდა სახალხო დამცველის ა. წ. 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტები ODIHR-მა ნეგატიურად შეაფასა.

ომბუდსმენის განცხადება განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა რომ თბილისში გამართული მასობრივი პროტესტების შედეგად საქართველოს პარლამენტში ზემოთხსენებული კანონპროექტების განხილვა შეწყდა (კონკრეტულად კი, ერთ-ერთი კანონპროექტი გაწვეული იქნა, ხოლო მეორე პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო) „საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა.“

დოკუმენტი ძირითადად ფოკუსირდება იმ ნეგატიურ გავლენებზე, რასაც კანონპროექტები ახდენენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. ეს უფლებები მოიცავს შეკრების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებებს და დისკრიმინაციისაგან დაცვას. „დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნების კანონები ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც ისინი არ წარმოადგენენ შესატყვის მაგალითებს ქართული კონტექსტისთვის,“ – განმარტავს სახალხო დამცველი.

ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტებზე

დასკვნა “საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე ან ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონებზე და მსგავს კანონმდებლობებზე და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტური უფლება აქტიური და მონაწილეობითი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და გადაჯაჭვულია ადამიანის სხვა უფლებებთან. ამ უფლებისთვის არსებითია ხელმისაწვდომობა დაფინანსების მრავალფეროვან წყაროებზე, მათ შორის საერთაშორისო და უცხოურ დაფინანსებაზე.

მიუხედავად ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეჭვის თვალით უყურებს უცხოურ დაფინანსებას. დოკუმენტი დასძენს, რომ საერთო ჯამში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონების“ ან მსგავსი კანონმდებლობის მიზანია, ზოგადად ასეთ დაფინანსებებსა და მიმღები ორგანიზაციების აქტივობებზე კონტროლის გაზრდა, მათთვის ახალი ვალდებულებების დაკისრებით, როგორიცაა მაგალითად ცალკე და გართულებული რეგისტრაცია, ე.წ. “იარლიყის” მიწებება, აღრიცხვა, ანგარიშგების დავალდებულება და ა.შ.

დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ეს რეგულაციები ხშირად არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები გვკარნახობს, რომ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები უნდა იყოს კანონიერი, მიჰყვეს ლეგიტიმურ მიზნებს, აჩვენოს პროპორციულობა და აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის.

შეფასების შედეგად დადგინდა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონების შემოღების აუცილებლობის დასასაბუთებლად ხშირად არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ეროვნულ ინტერესებისთვის ან დემოკრატიისთვის ხელშესახებ, მიმდინარე ან სერიოზულ საფრთხეზე. ამასთან, კანონის შემოღების მიზანშეწონილობაზე მსჯელობის დროს ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო სექტორის რისკზე-დაფუძნებული ადეკვატური შეფასებები, რომელიც ადასტურებს კრიმინალურ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას.

უფრო მეტიც, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივების ეროვნული დასაბუთება, როგორც წესი არ არის „რელევანტური და საკმარისი“. ისინი ვერ ახერხებენ არსებული კანონების არასრულყოფილების ან ახალი ზომების მიღების მიზანშეწონილობის დემონსტრირებას. „აბსტრაქტული ვარაუდი, რომ უცხოეთიდან შემოსული ყველა თანხა წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“, – ნათქვამია დასკვნაში.

ასევე აღნიშნულია, რომ დაფინანსების უცხოური წარმოშობის გამო განსხვავებული მოპყრობა პოტენციურ დისკრიმინაციაზე მიუთითებს. არასამთავრობოებზე დაკისრებული რეგულაციები ხშირად და მკაფიო განმარტებების გარეშე უფრო მკაცრია, ვიდრე რეგულაციები ბიზნესების მიმართ. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „კანონმდებლები, როგორც წესი, ვერ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ შეაფასეს კანონმდებლობის პოტენციური უარყოფითი გავლენა ორგანიზაციებზე ან განიხილეს სხვა სამართლებრივი ალტერნატივები და შეარჩიეს ფუნდამენტური უფლებების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომები“. დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის დაფინანსების „გამჭვირვალობის“ ან „საჯაროობის“ მოთხოვნა თავისთავად არ არის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ის შეიძლება იყოს დასაშვები კონკრეტულ გარემოებებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ან დანაშაულის თავიდან აცილებასთან.

დასკვნა ხაზს უსვამს იმას, რომ ისეთი მიზნები, როგორიცაა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ავტომატურად არ ამართლებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ახალი ანგარიშგების ვალდებულების შემოღებას. უცხოურ კანონებზე მითითებები, როგორიცაა აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ავსტრალიის „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS) არ არის შესაფერისი იმ ინიციატივების გასამართლებლად, რომლებიც მიმართულია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროებო ორგანიზაციებისკენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონები აწესებს კონტროლის ზომებს, როგორიცაა დაუგეგმავი ინსპექტირება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კანონები გამოიყენება დაჯარიმების, თავისუფლების აღკვეთის ან არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვისთვის, რაც დარღვევებთან შედარებით არაპროპორციულ დამსჯელ ზომებად არის მიჩნეული. ეს კანონები ხშირად არღვევს თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, ირიბად გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმცირესობების ადვოკატირებას ახდენენ. ამასთან, „უცხოეთის აგენტების“ კანონები წარმოშობენ მოქმედი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში უნდობლობის, შიშისა და მტრობის გაღვივების რისკებს, რაც ართულებს მათ საქმიანობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button