დაწვრილებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი: პოლიციამ 7-9 მარტის აქციების დროს საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პოლიციის მიერ 7-9 მარტის აქციების დროს, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ცენტრის წარმომადგენლების შეფასებით, რომლებიც 7-9 მარტის აქციებს აკვირვებოდნენ, აქციები მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. 7 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დროისთვის აქციაზე შეკრებილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები გადაკეტა და აქციის მონაწილეებს ქუჩაში გადაადგილების საშუალება არ მისცა. 20:20 საათზე, პოლიციამ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო აქციის მონაწილეთა დასაშლელად.

7-9 მარტის აქციებზე სპეციალური საშუალებების გამოყენების გაფრთხილება მხოლოდ თავად ფაქტის შემდეგ გაკეთდა, როდესაც მონაწილეებს უკვე აღარ ჰქონდათ დაშლის დრო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების თქმით, პოლიციამ აქციების დროს სპეციალური საშუალებები (წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი) აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე გამოიყენა. ერთ შემთხვევაში ჩანს პოლიციელი, რომელიც წიწაკის სპრეს პირდაპირ თვალებში ასხამს დემონსტრანტს. გარდა ამისა, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია წიწაკის სპრეს წყლის ჭავლს ურევს, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და ადამიანებისთვის განზრახ ზიანის მიყენების რისკს ქმნის.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის დროს არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი არ აღმოჩნდა. ამრიგად, პოლიციამ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების დასაშლელად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენა წყლის ჭავლი.

საერთაშორისო სტანდარტებით, წიწაკის სპრეის გამოყენება დაუშვებელია ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე (ოპტიმალური მანძილი 1.25-დან 2 მეტრამდეა), ასევე აქციის მონაწილის წინააღმდეგ, რომელიც არ იქცევა აგრესიულად. პოლიციის მიერ ძალის განურჩეველმა გამოყენებამ ნებისმიერი პირის მიმართ შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს, როგორც ეს მარტის საპროტესტო აქციების დროს მოხდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხაზს უსვამს, რომ 7-9 მარტის აქციების დროს ზოგიერთი მონაწილის ქმედებამ გადააჭარბა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. თუმცა, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მაშინაც კი, თუ მიტინგზე შეინიშნება დემონსტრაციის ერთი ან მეტი მონაწილის არასათანადო ქცევა ან ძალადობის ცალკეული შემთხვევები, მშვიდობიანი დემონსტრაცია ავტომატურად არ იძენს ძალადობრივი შეკრების ხასიათს, რაც თავის მხრივ განხილული იქნებოდა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რეკომენდაციას აძლევს:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

● უზრუნველყოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საქმეების დროული, ყოვლისმომცველი და მიუკერძოებელი გამოძიება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

● საფუძვლიანად გამოიძიოს სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანების, ასევე ასეთი საშუალებების გამოყენების მასშტაბის კანონიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

● პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებას და არ ჩაერიოს გაუმართლებლად ამ უფლების განხორციელებაში;

● სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ აქციის მონაწილეები და მისცეს მათ გონივრული ვადა ამ გაფრთხილების შესასრულებლად და დასაშლელად;

● უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში;

● სპეციალური საშუალებების გამოყენებით საზოგადოებრივი შეკრებების დაშლისას,  დაიცვას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები;

●მოამზადოს სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს, რომ ასეთი საშუალებები გამოიყენება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button