ახალი ამბები

შშმ პირები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 100-ზე მეტმა პირმა და მათი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს პარლამენტს მოუწოდა არ მიიღოს „ანტი-სახელმწიფოებრივი, ანტი-ევროპული და პრო-რუსული კანონი“.

მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს. მათი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მთელ მოსახლეობას, მათ შორის შშმ პირებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია საქართველომ შშმ პირების უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, სახელმწიფოს მიერ არ არის უზრუნველყოფილი შშმ პირების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შშმ პირებს მჭიდრო კავშირი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით სარგებლობს და სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა შშმ პირების დასაქმება და მათთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობა.

საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით, საქართველომ მოახდინა შშმ პირების უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება, ჩამოაყალიბა საკონსულტაციო მექანიზმები შშმ პირთათვის, რათა წვლილი შეიტანონ სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დანერგა ინკლუზიური განათლება საჯარო სკოლების სისტემაში და შექმნა უფასო საგანმანათლებლო პროგრამები შშმ პირთათვის, ნათქვამია განცხადებაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარების სერვისებს, ხელი შეგვეშლება საზოგადოებაში სრული და წარმატებული ინტეგრაციისა და პოლიტიკური მონაწილეობის საქმეში, ჩვენი ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრება დასრულდება და გაუარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა“, – ნათქვამია განცხადებაში. მოუწოდებენ რა კანონმდებლებს, თავი შეიკავონ ამ „მავნე კანონპროექტის“ მხარდაჭერისგან, შშმ პირები ხაზს უსვამენ, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button